კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა 100 წლის წინანდელი ოკუპაციისა და იმ პირობების წარმოჩენა, რომელშიც უწევდა საქართველოს იმჟამდელ ხელისუფლებას და საზოგადოებას იმ რთულ პრობლემებთან გამკლავება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის პერიოდში. როგორ ცდილობდნენ აფხაზი სეპარატისტები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას საბჭოთა რუსეთის წაქეზებით, ყოველივე აღნიშნულის და თანამედროვე ვითარების ისტორიული კავშირის, რუსეთის უცვლელი იმპერიალისტური ზრახვების ჩვენება.
კონფერენცია გახსნა და მონაწილეებს მიესალმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელმაც ვრცლად ისაუბრა აფხაზეთის პოლიტიკური წარსულისა და დღევანდელობის შესახებ. მან ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზურაბ ხონელიძე; საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე; გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი.
კონფერენციაზე მოხსენებები წარმოადგინეს: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ – „აფხაზეთის რუსულ-საბჭოური ოკუპაცია და თანამედროვეობა“; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ზურაბ პაპასქირმა – „1921 წლის 4 მარტის აღქმის საკითხისათვის აფხაზურ საზოგადოებაში“; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ისტორიის დოქტორმა ლევან ჯიქიამ – „ანტისაბჭოთა საპროტესტო გამოსვლები აფხაზეთში 1921-1924 წლებში“.
კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც ჩაერთვნენ ისტორიის დოქტორი ლია ახალაძე, ისტორიის დოქტორი გურამ მარხულია, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის დოქტორი კახა კვაშილავა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, დეპუტატები თემურ მჟავია, ნუგზარ მგალობლიშვილი და სხვა.
კონფერენციის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დასკვნის სახით საყურადღებო გზავნილი გააჟღერა აფხაზი თანამოძმეებისადმი: „დღეს აფხაზეთი დგას რეალური ანექსიის საფრთხის წინაშე! 2020 წლის 12 ნოემბრის შეთანხმება დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთს შორის სხვას არაფერს ისახავს მიზნად გარდა აფხაზეთის ანექსიისა. ძალიან ბევრ აფხაზს ეს არ უნდა და ჩვენ ვიცით, რომ ამის წინააღმდეგია, მაგრამ დაშინებული არიან და ჯერჯერობით ძალიან ხმამაღლა არ გამოდიან. თუ აფხაზებსა და ჩვენ ადრე - 1921 წელს, 1992 წელს, 2008 წელს არ გვქონდა საერთო მიზანი, დღეს, თუ კი შეგვწევს უნარი ეს დავინახოთ - საერთო მიზანი გვაქვს! ეს არის აფხაზეთის გადარჩენა, მისი ხსნა რუსული ანექსიისაგან; ამას მარტო აფხაზები ვერანაირად ვერ შეძლებენ; ჩვენ მარტო, აფხაზების გარეშე ამას ვერ გავაკეთებთ. ამიტომ ამ ეტაპზე აფხაზები და ქართველები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა შევთანხმდეთ, ერთად დავდგეთ და გადავარჩინოთ აფხაზეთი რუსული ანექსიისაგან! ჩვენთვის მიუღებელია და ვერ წარმოგვიდგენია აფხაზეთი აფხაზების გარეშე. სანამ აფხაზეთში აფხაზები იქნებიან, თუნდაც ქართველების გარეშე, მე პირადად ჩავთვლი, რომ აფხაზეთი საქართველოსთვის დაკარგული არ არის, მაგრამ თუ იქ აფხაზები არ იქნებიან, ან გადაგვარდებიან, ან იქ მათ იმ ძალაუფლებასაც წაართმევენ, რასაც დღეს ისინი ფლობენ (არადა ეს პერსპექტივა შორს არ არის), მაშინ ჩვენ აფხაზეთს სამუდამოდ დავკარგავთ! ამიტომ ჩვენ დაინტერესებული ვართ იმაში, რომ აფხაზებმა ის მდგომარეობა, რაც აქვთ დღეს - შეინარჩუნონ, კიდევ უფრო განიმტკიცონ და ერთობლივად ვიხსნათ აფხაზეთი საბოლოო დაკარგვისაგან - რუსული ანექსიისაგან!“ - განაცხადა ბატონმა ჯემალ გამახარიამ.
კონფერენცია აფხაზეთის საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი - 04.02.2021
https://www.youtube.com/watch?v=fTl9I5gtzx8