იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ უმაღლეს საბჭოში წლიური ანგარიში წარადგინა

19 მარტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მინისტრის აპარატის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ანგარიში ეხებოდა მინისტრის აპარატის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას, ასევე წარმოდგენილი იყო მინისტრის აპარატის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებული ხედვები, დაგეგმილი პროექტები, უწყებაში დაწყებული ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის მიმდინარეობისა და სხვა საკითხები.

მინისტრის ანგარიშის მოსმენის  შემდეგ  უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან დაისვა შეკითხვები და გამოითქვა მოსაზრებები, რომელიც სამინისტროს საქმიანობის ფართო სპექტრს შეეხებოდა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა შეეხო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტის განხორციელების გზებსა და ამ პროცესში აფხაზეთის სახელისუფლებო უწყებების ჩართულობის საკითხს. მისი განცხადებით, აღნიშნულ პროცესში სამწუხაროდ აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურები არ ყოფილან ჩართული, რაც მიუღებელია და შეცდომაა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გასააქტიურებლად უმაღლესმა საბჭომ და სამინისტრომ ერთობლივი მუშაობა დაიწყონ, განაცხადა ხუბუამ. ამასთან, ხუბუა საჭიროდ მიიჩნევს მინისტრების მოსმენას მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნონ, იმისათვის რომ უშუალოდ გაიგონ უმაღლესი საბჭოს წევრების დამოკიდებულება მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების საქმიანობასთან დაკავშირებით.

უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიპების და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობა, ხომ არ აქვს ადგილი მათ შერწყმას და შეზრდას ერთმანეთთან. იგი ასევე შეეხო განათლების, ხელოვნების და კულტურის სფეროს საკითხებს. ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით.

სიპებთან დაკავშრებით მინისტრმა განმარტა, რომ სიპი არის პროექტის განმახორციელებელი, ხოლო სამინისტრო მაკოორდინებელი მექანიზმია და განსაზღვრავს პოლიტიკას, უწევს მონიტორინგს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია შეეხო სახალხო დიპლომატიის საკითხებს.

უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია შეეხო აფხაზეთში ქონებრივი პრობლემების საკითხებს. მან აღნიშნა, რომ ამ საკითხებზე დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, საჭიროა მეტი რესურსი ვიდრე გააჩნია მინისტრის აპარატს.

ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თამჯდომარის მოადგილე ვახტანგ ყოლბაია შეეხო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის სამინისტროდ გადაკეთების საკითხს. სამინისტროს მუშაობა მოიცავს საკითხების ფართო სპექტრს და პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად აუცილებელია უფრო მაღალი სტატუსისა და უფლებების მქონე უწყების ჩამოყალიბება. ამასთან, მან ხაზი გაუსვა კონფლიქტის მოგვარების ახალი მიდგომების შემუშავების აუცილებლობაზე.

უმაღლესი საბჭოს წევრმა ელგუჯა გვაზავამ თავის გამოსვლაში ისაუბრა რესტიტუციის საკითხზე, იმ სირთულეებზე რაც თან ახლდა ამ პროცესის დაწყებასა და მიმდინარეობას.

უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ ჯგუბურიამ თავის მოკლე გამოსვლაში აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს მომავალ 2021 წლის ანგარიშში აუცილებლად უნდა აისახოს ქართულ ენაზე განათლების საკითხი აფხაზეთში, რადგან ბოლო წლებში ხდება ამ საკითხის გარკვეულწილად მეორე პლანზე გადაწევა. არ იხილება ეროვნული აპარტეიდის საკითხი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშრისო თალსაზრისით.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან კმაყოფილება გამოხატა როგორც მინისტრის მიერ წარმოდგენილი მოხსენებით, ისე შემდგარი განხილვითა და დისკუსიით, რაც მისი შეფასებით დადებითად იმოქმედებს ერთობლივი მუშაობის პროცესზე. ჯემალ გამახარია შეეხო მინისტრის აპარატის სამინისტროდ გარდაქმნის საკითხს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია შემუშავდეს შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც შემდგომ გადაეგზავნება აფხაზეთის მთავრობას განსახილველად. გარდა ამისა, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა აფხაზეთში საკუთრების უფელება, ვრცლად ისაუბრა ორმაგი მოქალაქეობისა და ელექტროქსელების რუსეთისთვის გადაცემის საკითხებზე. მისი აზრით, მნიშვნელოვანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე სათანადო რეაგირება ერთობლივად მოვახდინოთ. ამ პროცესში მინისტრის აპარატის და მთავრობის ჩართულობა აუცილებელია. ადამიანის უფლებების პრობლემაზე საუბრისას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არათუ ირღვევა ადამიანის უფლებები, არამედ ხდება გენოციდი. ამასთან, იგი შეეხო ძეგლების დაცვის საკითხს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ამ კონტექსტში მან ისაუბრა იუგოსლავიის ტრიბუნალის მიერ შემოღებულ ტერმინებზე, როგორიცაა „დისკრიმინაციული დაზიანება“ და „დისკრიმინაციული განადგურება“ ეთნიკურ საფუძველზე. აუცილებელია ეს ცნებები შევიტანოთ კანონპროექტის სახით  პარლამენტში განსახილველად და სხვა.

შეხვედრა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა და მას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.































































































































































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions