ჯემალ გამახარია: - „გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა“

 

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები, საქართველოს 4 მოქალაქის მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპვა, რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულია. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.

 

„გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა. 4 ადამიანია დაღუპული. დილის 4 საათზე მათ ენგურის გადალახვა ჰქონდათ დაგეგმილი. როგორც კი ეს ადამიანები შევიდნენ მდინარეში, მოუსწრო ენგურის კაშხლიდან გამოშვებულმა წყალმა. დაღუპულების ვინაობა ცნობილია. ეს უზარმაზარი ტრაგედიაა.

ეს არის დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოში, თითქმის 30 წლის განმავლობაში არსებობს. ის, რაც მოხდა, მთლიანად რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი მორიგი დანაშაულია. ენგურს გაღმა ატეხილია ხმაური. როგორც დე ფაქტო ხელისუფლება, ისე რუსი ოკუპანტების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში მთავარი დამნაშავე ქართული მხარეა, რომელსაც კარანტინი აქვს დაწესებული და ამის გამო ადამიანები შემოვლითი გზებით მიდიან, შემდეგ კი უბედური შემთხვევები ხდება.

 

იმდენად გამკაცრებულია რეჟიმი იქეთა მხარეს, რომ ადამიანები აქეთ გადმოსვლას ვერნაირად ვერ ახერხებენ. ენგურის ხიდზე მხოლოდ პენსიონერებს და ავადმყოფობის ცნობის მქონე მოქალაქეებს უშვებენ. ასეთი ცნობის აღება კი თანხებთან არის დაკავშირებული. ადრე ყოველდღე 1500-მდე ადამიანი გადმოდიოდა, დღეს თითო-ოროლა გადმოდის, იმდენადაა გადაადგილება იქეთა მხრიდან შეზღუდული. თუ გადმოსვლას მოახერხებენ, აქ 5-დღიანი კარანტინი ხვდებათ, რომელიც მათ დიდ დისკომფორტს უქმნის.

საჭიროა, აქედან მაინც წავიდეთ დათმობაზე, ეს 5-დღიანი კარანტინი უნდა მოიხსნას და სწრაფი ტესტირებით შეიცვალოს. ჩვენი ხელისუფლების მხრიდან არსებობს მზაობა, რომ კარანტინი გაუქმდეს, მაგრამ არა – ადამიანების ჯანმრთელობის ფასად.

ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების მატება შეიმჩნევა. იქ ატარებენ ტესტირებას, დღეში პლუს-მინუს 200 ტესტი ტარდაება. აქედან 35 ადამიანამდეა დაინფიცირებული. ეს პატარა რიცხვი არაა. საბედნიეროდ, გალის რაიონში ეს მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ კარანტინის მოხსნა სავსებით შესაძლებელია. იცით, რომ ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, ენგურსგაღმა ვაქცინაციის პროცესში მიიღოს მონაწილეობა, მიაწოდოს ვაქცინები ან ენგურს აქეთ გადმოსულ ადამიანებს ვაქცინაცია ჩაუტარდეთ”, – განაცხადა გამახარიამ.

 

„დიდი ხმაურია აფხაზეთში – ადამიანებს აინტერესებთ, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს ისეთი ზომების განახორციელებას, რითაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“

 

“დიდი ხმაურია აფხაზეთში. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება მათ თავს, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს, რომ ისეთ ზომებს განახორციელებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებაა.

 

„ოკუპირებულ აფხაზეთში პოლიტიკური ცხოვრება იმ პროგრამის გარშემო ტრიალებს, რომელსაც ხელი გასული წლის 12 ნოემბერს მოეწერა. ამ პროგრამას „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნა“ ჰქვია. თუმცა, ამ დოკუმენტს არავინ ასახელებს. არის ასეთი რუსი სამხედრო ჟურნალისტი – პეგოვი. ის აფხაზეთში არსებული ვითარებით ძალიან უკმაყოფილოა. ამ ადამიანმა გამოაქვეყნა ნაწყვეტი დოკუმენტიდან, რომელიც, თითქოს, ბატონმა ბჟანიამ კრემლს გაუგზავნა. ეს დოკუმენტი მთელ რიგ დაპირებებს შეიცავს. გამოქვეყნებული ნაწილიდან ჩანს, რომ ბჟანია კრემლს უძრავი ქონების პრობლემებისა და სხვა მთელი რიგი პრობლემების მოგვარების შესახებ ჰპირდება. ამან დიდი ხმაური გამოიწვია აფხაზეთში. ადამიანებს აინტერესებთ, რა ხდება მათ თავს, მართლა დაჰპირდა, თუ არა ბჟანია რუსეთს, რომ ისეთ ზომებს განახორციელებს, რომლის შედეგადაც აფხაზეთი რუსეთის 86-ე რეგიონი გახდება“, – განაცხადა გამახარიამ.

 

მისივე თქმით, რუსულ მედიაში აფხაზეთის შესახებ უარყოფითი პუბლიკაციები გააქტიურდა.

„რუსულ გაზეთებში აფხაზეთის შესახებ პუბლიკაციები განსაკუთრებით გააქტიურდა, თანაც – ძალიან უარყოფითი. მინდა, 3 პუბლიკაცია დავასახელო, რომელიც ძალიან საინტერესოა. ერთ-ერთ წერილს „მიგდებული ქვეყანა“ ჰქვია. საკმაოდ ვრცელი წერილია,სადაც ნაჩვენებია, რომ 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში არათუ არაფერი აშენებულა, არამედ პირიქით, დაინგრა. დასკვნა რაც კეთდება, არის ის, რომ აფხაზებს არაფრის თავი არ აქვთ და არაფრის აშენება არ შეუძლიათ. იწერება, რომ ერთადერთი, ვინც ამ ამ საკითხებს მოაგვარებს, რუსეთია. ჟურნალისტი კომენტარებს ტატიანა პოლოსკოვას სთხოვს. ეს ქალბატონი რუსეთის სახელისუფლებო დერეფნებში საკმაოდ ცნობილი და მიღებული პიროვნებაა. ის ფილოსოფიისა და იურიდიულ მეცნირებათა დოქტორია. თუ სადმე რუსეთი თავისი ჯარებით გამოჩენილა, ყველაგან ეს ქალბატონი ჩანს. მან აფხაზეთის სიტუაცია ძალიან კარგად იცის. ის ამბობს, რომ ვითარებიდან რამდენიმე გამოსავალი არსებობს: პირველი, მისი აზრით, არის ის, რომ რუსეთმა აფხაზეთში გარეშე მმართველი უნდა დანიშნოს. მეორე – თუ აფხაზეთი არ შეასრულებს დაპირებებს, მაშინ რუსეთმა დაფინანსება უნდა შეუწყვიტოს. მესამე გამოსავალი, რასაც რუსეთის ხელისუფლებას სთავაზობს, არის ის, რომ რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. ეს ძალიან საინტერესოა.

მეორე წერილიც გამოქვეყნდა, რომელიც ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაიას ეხება. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთს დაპირებები არ შეუსრულებია. მესამე წერილის სათაურია – „მოიტანე, მომართვი, ფული მომეცი და ხელი არ შემიშალო.“ სტატიაში ნათქვამია, რუსულ-აფხაზური ურთიერთობაა ასეთიო. წერილის შინაარსი სათაურიდანვე ჩანს. რუსეთში დღის წესრიგში აფხაზეთის ანექსიის საკითხი დგას და ამას აფხაზები კარგად გრძნობენ“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია მედიაჰოლდინგ 'კვირას' პრესკლუბში - 08.04.2021
https://youtu.be/6KmXUfzB2_I

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions