შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან.

 

მსჯელობის მთავარი თემა  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იქ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა იყო, რაზეც მოხსენება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ომის დაწყების პირველივე დღებიდანვე გახდა აქტუალური აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი, რადგან იმ ტერიტორიებზე, რომელსაც ოკუპანტები იკავებდნენ, მყისიერად იწყებოდა ადამიანთა, ძირითადად მაინც, ეთნიკურად ქართველთა უფლებების უხეში დარღვევა.

 

საომარი მოქმედებების შედეგად ქართული მოსახლეობის დევნის, ეთნიკური წმენდის წარმოსაჩენად ჯემალ გამახარიამ სტატისტიკური მონაცემები გააცნო ახალგაზრდა პარლამენტარებს და განაცხადა რომ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე  არ არსებობს ადამიანის უფლება, რომელიც დღეს იქ ქართველთათვის არ ირღვევა - სიტყვისა და გამოხატვის უფლებიდან დაწყებული, ნებისმიერი სხვა უფლებით დამთავრებული. მაგალითად, ნებისმიერი სახის არჩევნებში, რეფერენდუმებში მონაწილეობის, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებში გაერთიანების,  სახელისუფლებო სტრუქტურებში და სხვა დაწესებულებებში დასაქმების - გარდა ექიმად და მასწავლებლად მუშაობისა, მშობლიურ ენაზე განათლების, ღვთისმსახურების, ქართულ ენაზე საჯარო სივრცეში კომუნიკაციის,  ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასვლის, ქორწინების, ახალშობილის აფხაზეთში რეგისტრაციის, მემკვიდრეობით კუთვნილი ქონების განკარგვის და ა.შ.  უფლებათა უსასრულო შეზღუდვით დამთავრებული, რომელიც ქართველებში იდენტობის ჩახშობას ან სულაც დღემდე იქ მცხოვრებ ქართველთა  ფიზიკურად გაქრობას ისახავს მიზნად.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა რომ საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გენოციდის კვალიფიკაცია მიანიჭა აფხაზეთში ქართველთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულს. ის შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებას რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ და კანონს ოკუპაციის თაობაზე; აგრეთვე  საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს ბუდაპეშტის, ლისაბონისა და სტამბულის სამიტების მიერ სხვადასხვა წლებში  მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებშიც ქართველთა მიმართ განხორციელებულ დანაშაულებს მიეცა ეთნიკური წმენდის კვალიფიკაცია.



ჯემალ გამახარიამ აგრეთვე, ვრცლად მიმოიხილა კრემლის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული ზომები - აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები, შეთანხმებები თუ პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის საბოლოო ანექსიას ისახავს მიზნად.

 

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა დავით ფაცაციამ მინისტრის აპარატში სტუდენტთა სტაჟირებისა და საქართველოს სტუდენტურ პარლამენტთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და აღმასრულებელი ხელისუფლების ის აქტივობები გააცნო ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოზარდი თაობისა და სტუდენტების ხელშეწყობას ემსახურება.

 

საინტერესო მოსაზრებები და პოზიციები გაუზიარეს უფროს კოლეგებს სტუდენტური პარლამენტის წევრებმა გიორგი რურუამ, ლიკა ლაზარაშვილმა, ზურაბ ყაველაშვილმა, რეზი ბერულავამ, ლიკა პაიჭაძემ, როსტომ ჯოლოგუამ. ახალგაზრდებმა არა ერთი საყურადღებო შეკითხვებიც გააჟღერეს.

 

სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს მომხსენებლებმა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს  და თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს აუდიტორიას  უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ დავით გვაძაბიამ,  დეპუტატებმა რაისა ქარაიამ, ელგუჯა გვაზავამ, ადა მარშანიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის ხელმძღვანელმა ნოდარ თოფურიძემ, იურისტმა ირაკლი დბარმა,  იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის წარმომმმადგენელმა ავთანდილ ხაზალიამ.

შეხვედრა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წევრებთან - 12.04.2021
https://youtu.be/VMZc_zEte1g














Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions