აფხაზეთის ანექსიის გეგმის ჩასაშლელად განგაშია ასატეხი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დღეს გამართული პრეზიდიუმის სხდომა ძირითადად „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამაზე“ მსჯელობას დაეთმო. დეპუტატებმა კატეგორიულად აღნიშნეს, რომ აფხაზეთის საბოლოო ანექსიის გეგმის ჩასაშლელად საქმიანი განგაში დროულად არის ასატეხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.


საკითხზე მომხსენებელმა, ბატონმა ჯემალ გამახარიამ ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი, რომელსაც ხელი 2020 წლის 12 ნოემბერს მოეწერა, რუსეთის მიერ აფხაზეთის სრული ანექსიის გეგმაა. ამ მხრივ საფრთხე დღეს ყველაზე უფრო რეალურია. დოკუმენტი ითვალისწინებს აფხაზეთის რუსეთის სამართლებრივ სივრცეში მოქცევას, ორმაგი მოქალაქეობის შემოღებას, უძრავი ქონების გასხვისებას, კულტურის, განათლების, ეკონომიკის და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სხვა სფეროს რუსეთზე მიბმას, რაც არათუ აფხაზეთის ფიქტიურ დამოუკიდებლობას, ეთნოსის გაქრობასაც მოასწავებს. ჯემალ გამახარიას განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მის განხორციელებას აფხაზური საზოგადოება ეწინააღმდეგება, ხმამაღალ პროტესტს ჯერჯერობით ვერ გამოხატავს, ვინაიდან იცის რომ ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი - ხელფასები, პენსიები, ფიზიკური არსებობა, მთლიანად კრემლზეა დამოკიდებული.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ დოკუმენტს თავის დროზე მისცა შეფასება, თუმცა მაინც არსებობს ქართული მხრიდან აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური განცხადების სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებიდან გაკეთების აუცილებლობა. ჯემალ გამახარიამ კოლეგებს სთხოვა 45 პუნქტიანი „პროგრამის“ თითოეული პუნქტი კომიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით გადაინაწილონ, თვალყური მიადევნონ ე.წ. კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესის მიმდინარეობას და მის შედეგებს, რათა უმაღლესმა საბჭომ შესძლოს საქმის ცოდნით პროტესტის გაჟღერება რუსეთის კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით; ბატონ თავმჯდომარის აზრით, უმაღლესი საბჭო ვალდებულია საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასაც მიაწოდოს კვალიფიციური დასკვნა 45 პუნქტიანი პროგრამის თითოეული პუნქტის რეალიზაციიდან მომდინარე საფრთხეების თაობაზე.


დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ დეპუტატები - თამაზ ხუბუა, ვახტანგ ყოლბაია, მურმან კვარაცხელია, რუდიკ ცატავა, დავით გვაძაბია, ადა მარშანია. გამოითქვა სხადასხვა წინადადება; მათ შორის, „რუსეთსა და აფხაზეთს შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ე.წ. პროგრამის“ სრულყოფილი შესწავლის მიზნით, დროებითი კომისიის შექმნის თაობაზე.


პრეზიდიუმის წევრები შეჯერდნენ, რომ კომიტეტებმა და აპარატის თანამშრომლებმა, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების ჩართულობით, იმუშავონ და გააანალიზონ დოკუმენტის თითოეული პუნქტი, რათა შესაძლებელი იყოს დასაბუთებული დასკვნის დადება იმის თაობაზე, თუ რამდენად რეალურია ოკუპირებული აფხაზეთის საბოლოო ანექსიის საფრთხე.


დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდიუმმა დაამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022- 2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგი.








Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions