სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის დებულების შესახებ.
კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტის საქმიანობის ძირითად არსზე. მან აღნიშნა, რომ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ქართველებსა და აფხაზებს შორის პირდაპირი დიალოგის მხარდაჭერა.
კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს და მოსაზრებები გამოთქვეს დებულებასთან დაკავშირებით და ასევე კომიტეტის მომავალ საქმიანობაზე. თამაზ ხუბუამ ხაზი გაუსვა შიდა კომუნიკაციის გაძლიერებას, კომიტეტის მუშაობაში სხვა კომიტეტების წევრების ჩართულობას. რუდიკ ცატავამ აღნიშნა, რომ დებულება კარგად არის შედგენილი და მისაღებია, თუმცა მომავალში საჭიროებისამებრ შესაძლოა მისი კორექტირება. მან ასევე ისაუბრა აფხაზეთში ბოლო დროს კორონავირუსით გამოწვეულ უმძიმეს ვითარებაზე და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე. კომიტეტის წევრმა დავით გვაძაბიამ ხაზი გაუსვა, რომ მხარს უჭერს ახალგაზრდებთან მუშაობის აუცილებლობას, რამდენადაც საჭიროა მათი ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება აფხაზეთთან დაკავშირებით. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ეს კომიტეტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომიტეტი, რომელიც თავისი ფუნქციიდან გამომდინარე მთლიანად უმაღლეს საბჭოს აერთიანებს. მან აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ კორპუსთან თანამშრომლობა, მათ მიერ მიღებული საქართველოსა და აფხაზეთში კონფლიქტთან დაკავშირებული რეზოლუციებისა და განცხადებების თვალყურის დევნება და შეძლებისდაგვარად ამ განცხადებების შინაარსზე ზეგავლენის მოხდენა. ამიტომ საჭიროა დებულებაში ცალკე პუნქტად იყოს გამოყოფილი ეს მიმართულება.
კომიტეტის წევრებმა აზრთა გაზიარებისა და შენიშვნების გამოთქმის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება კომიტეტის აპარატის დებულების მიღებისა და შემდგომში დასამკიცებლად პრეზიდიუმის სხდომაზე წარსადგენად.