საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია დაესწრო.

მოხსენებაში ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, კონფლიქტების მოგვარებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე გამახვილდა. პრემიერმინისტრის მოხსენება ასევე მოიცავდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებებს, ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებს, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესებს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას:

„საერთაშორისო დონეზე სულ უფრო ძლიერდება მხარდაჭერა ოკუპაციის წინააღმდეგ და არაღიარების პოლიტიკა. ვმუშაობთ, რომ დაისაჯონ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფაში დამნაშავეები, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებულები, მათ შორის, ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა.

ჩვენი ძალისხმევის თვალსაჩინო დასტურია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)". ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევებისათვის რუსეთს ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ პასუხისმგებლობა დაეკისრა.

ამასთან, ვაგრძელებთ აფხაზ და ოს ძმებთან ნდობის აღდგენის აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას; მათ შორის, გამყოფი ხაზების გასწვრივ ერთობლივი ეკონომიკური საქმიანობის წახალისებას სამშვიდობო ინიციატივის - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" ფარგლებში“.

პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობა საქართველოს მოქალაქეები არიან და მათზე ზრუნვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. „პანდემიის პერიოდში ჩვენ მათ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით გავუწიეთ დახმარება, მივაწოდეთ დაახლოებით 4 მილიონი ლარის სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები, ვაქცინები. ვუმკურნალეთ 1,500-მდე ადამიანს. გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეებისათვის ხორციელდება ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის და საგანმანათლებლო პროგრამები“.


Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions