გაიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა

პრეზიდიუმის სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

უმაღლეს საბჭოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის  რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის საკითხის განხილვა დაიწყო.


სწორედ ეს იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმზე დღის წესრიგის პირველი საკითხი შემდეგი ფორმულირებით: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“. საკითხი უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ წარმოადგინა.

როგორც აღინიშნა, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ცვლილებებს, ამ დღეებში, პრეზიდიუმზე შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში დეტალურად განიხილავენ; შემდგომ კი საკითხს პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.

 

მურმან კვარაცხელიამ გააცნო კოლეგებს, აგრეთვე, პრეზიდიუმის სხდომის  მეორე საკითხიც: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 108-ე მუხლის შესაბამისად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის შესახებ“. საკითხის შესასწავლად - თუ რამდენად მართლზომიერად დაიხარჯა ბიუჯეტი განვლილი ნახევარი წლის მანძილზე, დეპუტატებს გონივრული დრო დასჭირდებათ. ამის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებს კომიტეტებისა და ფრაქციების სხდომებზე გაცვლიან. საბოლოოდ,  საკითხის განხილვა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება.

 

პრეზიდიუმის დღის წესრიგის მესამე საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც უახლოეს პლენარულ სხდომაზე უნდა დამტკიცდეს, კოლეგებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ გააცნო.

 

პრეზიდიუმზე წარმოდგენილი საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამაზ ხუბუამ, სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, რუდიკ ცატავამ, ფრაქცია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ჯემალ საჯაიამ.












Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions