აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებებზე მსჯელობას საორგანიზაციო კომისია უხელმძღვანელებს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დამტკიცებულმა საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ უკვე დაიწყო, რომელმაც დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.

 

კომისიის წევრებმა - ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი-სამართლიანობა” თავმჯდომარე  რაისა ქარაიამ, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა-ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ, დეპუტატმა თეიმურაზ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, უმაღლესი საბჭოს იურისტებმა გიორგი გვასალიამ და თამაზ სანიკიძემ, კომისიის ხელმძღვანელად მხარი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეს თამაზ ხუბუას დაუჭირეს.

კომისიის სხდომაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვის პროცედურა, პანდემიასთან დაკავშირებით არსებული რეგულაციების სრული დაცვით უნდა გაიმართოს. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ხუბუამ  ხაზი გაუსვა, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კანონ-პროექტის განხილვაში  საზოგადოების ფართო წრის, სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა სფეროს, განსხვავებული სტატუსის მქონე დაინტერესებულ პირთა აუცილებელ მონაწილეობას. როგორც ბატონმა ზურაბ მებონიამ განაცხადა, უმაღლესი საბჭოს აპარატი უზრუნველყოფს დისტანციურად ონლაინ რეჟიმის მეშვეობით, ასეულობით  მონაწილე უპრობლემოდ ჩართოს კანონპროექტის განხილვის პროცესში.

კომისიამ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება კანონ-პროექტის განხილვის გრაფიკთან დაკავშირებით. ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის ცვლილების თაობაზე კომისიის წევრები, თავდაპირველად, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან იმსჯელებენ. მორიგი განხილვა რეგიონების წარმომადგენლებთან შედგება. დაგეგმილია ცალკე შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, იურისტებთან და კონსტიტუციონალისტებთან.

კომისია სისტემატურად გაასაჯაროვებს განხილვის პროცესში გამოთქმულ მოსაზრებებს და გაიზიარებს არგუმენტირებულ შენიშვნებს.






















 

Печать