აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში გაიმართა შეხვედრა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორთან

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი სააგენტოს პასუხისმგებელ პირებთან - დავით გურამიშვილთან, მამუკა კიკალეიშვილთან, თათია გავაშელთან და გიორგი დოლიაშვილთან  ერთად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს  ეწვია. უმაღლესი საბჭოს სააქტო დარბაზში დეპუტატებთან გამართულ  შეხვედრას და საქმიან დისკუსიას საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

ჯემალ გამახარიამ კმაყოფილება გამოხატა სააგენტოს მესვეურთა მხრიდან გამოჩენილი ყურადღებისა და ინიციატივისათვის - უმაღლეს საბჭოში ერთობლივად ემსჯელათ იძულებით გადაადგილებული ადამიანებისათვის მნიშვნელოვან საჭირბოროტო საკითხებზე.  როგორც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ აღნიშნა, შეხვედრის დღის წესრიგი დევნილთა განსახლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა უძრავი ქონების  საკითხს მოიცავდა.

 

ბესარიონ სიმონიშვილმა დეპუტატებს დეტალურად გააცნო სააგენტოს მიერ დევნილთა განსახლების მიმართულებით განხორციელებული პროექტები და და ამ მხრივ დაგეგმილი აქტივობები, რომლის მიზანი  იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ეფექტიანი სახელმწიფო  პოლიტიკის გატარებაა. სიმონიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ცდილობს დევნილი საზოგადოების საჭიროების გათვალისწინებას როგორც განსახლების, ისე დასაქმების მიმართულებით ისე, რომ ბიუროკრატიული წინაღობებისაგან მაქსიმალურად გაათავისუფლოს ისინი. მისივე განმარტებით, სააგენტოს ბიუჯეტი მზარდია, მაგრამ  ერთბაშად ყველა მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელია. ამიტომ ბენეფიციარის განაცხადი ამა თუ იმ პროექტით სარგებლობის შესახებ, ითხოვს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. მიდგომა ასეთივეა ქირით დაკმაყოფილების შემთხვევაშიც. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და მომავალ წელს.

უმაღლეს საბჭოში დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მესვეურებთან გამართული განხილვის უპირატესი თემა იყო ოკუპირებულ ტერიტორიაზე დევნილთა უძრავი ქონების საკითხი. უმაღლესი საბჭო დიდი ხანია საქართველოს მთავრობის წინაშე აყენებს საკითხს საჯარო რეესტრში დევნილთა საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე წერილები გაიგზავნა პრემიერმინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, იუსტიციის მინისტრთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და სხვა უწყებებთან.

ჯემალ გამახარიამ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბატონი ბესარიონ სიმონიშვილის უწყება   სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ოპერატიულად გამოეხმაურა უმაღლესი საბჭოს პოზიციას და ამ შეხვედრის ინიციატივაც სააგენტოს მხრიდან დაფიქსირდა.

 

სააგენტოს პასუხისმგებელი პირის გიორგი დოლიაშვილის განმარტებით, უწყება აქტიურად მუშაობს დევნილთა უძრავი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციაზე, ამავე დროს წინამორბედთა მიერ მოძიებულ დევნილთა საკუთრების ბაზის - „ჩემი სახლის“ გაციფრულებაზეც. პროცესი შრომატევადია, მაგრამ აუცილებელი, რათა ხალხს, რომელთაც იძულებით დაატოვებინეს სახლ-კარი, უძრავი ქონება, ჰქონდეთ განცდა, რომ მათი საკუთრება სახელმწიფოს მიერ აღნუსხულია, დაფიქსირებულია და მასზე პრეტენზია მხოლოდ ნამდვილ მეპატრონესა და მათ შთამომავლებს ეკუთვნით.


ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალობის გათვალისწინებით, საკუთრების იდენტიფიცირების თანმხლებ სირთულეებზე მსჯელობისას,  მოსაზრებები გაცვალეს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა,  სოციალურ-ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავამ,  ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის” თავმჯდომარე  რაისა ქარაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე ირაკლი დბარმა.

 

შეხვედრის დასასრულს, ორივე მხარემ გამოთქვა თანამშრომლობისთვის მზადყოფნა, რათა  მოხერხდეს დევნილთა საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

Печать