დავით ზალკალიანი: რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას

დღეს, სტოკჰოლმში მიმდინარე ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 28-ე შეხვედრაზე, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სიტყვით წარსდგა. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს 2021 წლის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს წლის განმავლობაში ორგანიზაციის ფარგლებში გაწეული ეფექტიანი სამუშაოსათვის და ხაზი გაუსვა ეუთო-ს სამივე განზომილების საქმიანობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობას.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა ეუთო-ს ფუძემდებლური პრინციპების მხარდაჭერის და შესრულების მნიშვნელობაზე და მწუხარებით აღნიშნა, რომ ყოველწიურად ხდება ორგანიზაციის წესებისა და პრინციპების უხეში დარღვევა. ამ კონტექსტში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეუთო-ს სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ ქმედებებზე.

 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთი კვლავ უგულებელყოფს საერთაშორისო ვალდებულებებს და უარს ამბობს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებაზე. მოსკოვი აგრძელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს და აგრძელებს ახალი ტიპის ბერლინის კედლების აღმართვას,  კილომეტრიანი მავთულხლართებითა და ღობეებით საქართველოს გულში. მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის რუსეთის ჰიბრიდული საბრძოლო დღის წესრიგის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი. მინისტრის განმარტებით, ამ ქმედებებით რუსეთი ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეულ სახელმწიფოებს, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ ე.წ. „შეთანხმების“ ხელმოწერა და რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის, მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორივე რეგიონში საარჩევნო უბნების გახსნა. მინისტრმა წუხილი გამოხატა, რომ უკვე 13 წელია, საქართველო აწყდება რუსეთის დესტრუქციულ დამოკიდებულებას მოლაპარაკებების ფორმატების - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მიმართ, რუსეთის მიერ წმინდა ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზებით და პროცესის ჩიხში შეყვანით.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პირობებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებებისა და თავისუფლებების შელახვაზე. მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოხუმში უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას საკითხზე, რომელიც სამედიცინო მკურნალობას საჭიროებს. მან ისაუბრა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესების შემდეგ, გენადი ბესტაევის საქართველოს ხელისუფლებისთვის მცირე ხნის წინ გადმოცემის თაობაზე. დავით ზალკალიანმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების მიერ ქართველი დევნილების სასტიკი მკვლელობის შემთხვევები და ხაზი გაუსვა, რომ ამ დანაშაულთა ჩამდენნი კვლავაც დაუსჯელნი არიან. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე და აღნიშნა, რომ მისი საერთაშორისო მხარდაჭერა ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების აღკვეთას.

 

დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებას, რომლითაც დამტკიცდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის განხორციელება; სასამართლომ ცნო რუსეთის პასუხისმგებლობა  საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ნორმების დარღვევაზე.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ საქართველო ურყევად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შეეხო მთავრობის ინკლუზიური, ეროვნული მასშტაბის და ყოვლისმომცველი დეოკუპაციისა და კონფლიქტების მდგრადი და მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის შემუშავების პროცესს. ასევე ისაუბრა  საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ და აღნიშნა, რომ საქართველო აძლიერებს საოკუპაციო ხაზით გაყოფილ თემებს შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ძალისხმევას და ამისთვის ახალ და პრაგმატულ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. მინისტრის განმარტებით, მას შემდეგ, რაც Covid-19-მა მძიმედ დააზარალა რეგიონები, საქართველომ იზრუნა ჰუმანიტარული დახმარების გაწევაზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მცხოვრებლებისთვის.

 

დავით ზალკალიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების სტრატეგიისა და მიდგომის ერთიანობა გადამწყვეტია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მოსკოვს გაეგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა მიუღებელია და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. მინისტრის განმარტებით, რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ეს ერთადერთი გამოსავალია და სხვა გზა არ არსებობს.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. ამ კონტექსტში მინისტრმა აღნიშნა ქართული მხარის შეთავაზება ხელი შეუწყოს დიალოგს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სხვადასხვა ფორმატში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წელს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გაჟღერებულ სამშვიდობო სამეზობლო ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ხსენებულ სამ ქვეყანას შორის დიალოგის პლატფორმის ხელშეწყობას. 


მინისტრმა გამოსვლისას დაგმო რუსეთის მტრული რიტორიკა და უკრაინის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო ქმედებების ინტენსიფიცირება. მან გამოხატა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი საქართველოს ერთგულებასა და ურყევ კურსს. გამოსვლის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ეუთო-ს ღირებულებებისა და პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე და საქმიანობაში წარმატებები უსურვა ეუთო-ს მომავალი თავმჯდომარე ქვეყნის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions