აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პროექტის - „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღწერა“ პრეზენტაცია გაიმართა

10 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში პროექტის - „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღწერა“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

სოციოლოგიურ კვლევაში, რომელიც განხორციელდა არასამთავრობო ორგანიზაცია კონფლიქტის ზონებიდან მოქალაქეთა კერძო საკუთრების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის კავშირის „ფენიქსი-სოხუმი“-ს მიერ ა/წ ივლის-სექტემბერში, გამოკითხვის ობიექტს ძირითადად წარმოადგენდნენ დევნილები - იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე მესაკუთრეები ან მათი კანონიერი მემკვიდრეები. კვლევა ჩატარდა სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებში და ასევე ქ. თბილისში.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენდა დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობის აზრის გამოხატვა მათ საცხოვრებელსა და მიწაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის აუცილებლობის შესახებ და საერთაშორისო სასამართლოებში ამ დოკუმენტების სტატუსისადმი მათი დამოკიდებულება. ამასთან, კვლევის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა ამ პრობლემისადმი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი და რეგიონული ლეგიტიმური სტრუქტურების როლის, ფუნქციებისა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

პრეზენტაციას, რომელიც სოციალური ქსელების მეშვეობით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

შეკრებილი საზოგადოებრიობის წინაშე პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე ვრცლად ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფენიქსი-სოხუმი“-ს პროექტების კოორდინატორმა ალექსანდრე თურქიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ნანა გაბელია, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროების წარმომადგენლები.


მოხსენებებით წარსდგნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ფენიქსი-სოხუმის“ ხელმძღვანელი იური თურქია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის წევრი ირაკლი დბარი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი მამუკა ჟვანია. გაიმართა საქმიანი დისკუსია, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა ნუგზარ მგალობლიშვილმა, ელგუჯა გვაზავამ, ანზორ წოწონავამ, რაისა ქარაიამ, თემურ მჟავიამ, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას შემაჯამებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ. მან მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაწეული მუშაობისთვის. მისი თქმით, „კვლევა გვიჩვენებს, რომ აღნიშნული თემა ძალიან აქტუალურია დევნილი მოსახლეობისთვის. ამასთან, ამ საკითხთან დაკავშირებით უმაღლეს საბჭოში შექმნილია ორი დოკუმენტი, რომლებიც უკვე გადაგზავნილია საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტში შესაბამისი რეაგირებისათვის. რაც ყველაზე მთავარია მუშაობა დაწყებულია და იგი არ შეწყდება“. „ხოლო მოსაზრება, თითქოს ქონების რეგისტრაციის შემდეგ დევნილები გაყიდიან ამ ქონებას - ცილისწამებაა. რუსეთი ითხოვს ამ ქონების შესყიდვის უფლების მინიჭებას, თუმცა ჩვენ მათ ამის უფლება არ უნდა მივცეთ“ - განაცხადა ჯემალ გამახარიამ. ამასთან, იგი ვერ ხედავს წინაპირობას, თუ რატომ არ უნდა ჰქონდეთ დევნილებს საკუთარ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება. 



აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პროექტის - „აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების აღწერა“ პრეზენტაცია გაიმართა

https://youtu.be/sIcb6zv7Anc














































































































































































 

 

 










































Печать