საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

23 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის დარბაზში პირველად შეიკრიბა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას ინიციატივით შეიქმნა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

 

საკონსულტაციო საბჭო მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას. ამასთან, საკონსულტაციო საბჭო არის ორგანო, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა, მათი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამოვლენა და პრევენცია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და სათანადო რეაგირება, აფხაზეთის დეოკუპაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და განზოგადება, კონკრეტული წინადადებების მომზადება და სხვა.

საბჭო შედგება 16 წევრისაგან. იგი დაკომპლექტებულია სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მაღალი რანგის სპეციალისტებით, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ არიან შერჩეული.

საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში მონაწილეობდნენ საკონსულტაციო საბჭოს წევრები დალილა ხორავა - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო დევნილთა მხარდაჭერისთვის“ პრეზიდენტი, ვეფხია გვარამია - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბაჩანა ბასილაია - ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაპოლეონ მილორავა - საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრ „აფხაზეთის“ პრეზიდენტი, თემურ სალაყაია - იურისტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ვახტანგ ჭარაია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, გიგა ფარულავა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ყალიჩავა - ისტორიის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, დავით ჯალაღონია - ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე.

სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

მისასალმებელ სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა დამსწრეებს საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის. ამასთან, მან საკონსულტაციო საბჭოს წევრებს დეტალურად გააცნო საქმიანობის მოკლე და გრძელვადიანი გეგმები, მიაწოდა ინფორმაცია უმაღლესი საბჭოს ეგიდით მიმდინარე პროექტებთან და საკანომდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.

შეხვედრის მსვლელობისას გაიმართა საქმიანი წინადადებების ურთიერთგაცვლა ზემოაღნიშნულ და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ამასთან, საბჭოს წევრებმა იმსჯელეს აფხაზეთის პრობლემატიკის გარშემო ახალი მიდგომების შემუშავებისთვის და გამოთქვეს სრული მზადყოფნა მუდმივი თანამშრომლობისა და ერთობლივი საქმიანობისთვის.

სხდომას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა, უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლები

შეხვედრა ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმში წარიმართა.






















































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions