ლორიკ მარშანია - 90

გამოჩენილ სახელმწიფო მოღვაწეს და საქვეყნოდ აღიარებულ მეცნიერს ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 90 წელი შეუსრულდებოდა. ბატონმა ლორიკმა წარუშლელი კვალი დატოვა მისი მშობლიური და სათაყვანებელი აფხაზეთის, სრულიად საქართველოს ისტორიაში.

ის გახლდათ დიდი აფხაზური გვარის დიდი წარმომადგენელი, ჭეშმარიტად ბრწყინვალე თავადი პოლიტიკაშიც, მეცნიერებაშიც და, რა თქმა უნდა, ცხოვრებაშიც. ჩვენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს, წილად გვხდა ბ-ნ ლორიკთან უშუალო ურთიერთობის, მის გვერდით მუშაობის დიდი პატივი და პრივილეგია, რითაც მუდამ ვიამაყებთ. ამასთანავე არასოდეს დაგვავიწყდება, დღემდე ფიზიკურად ვგრძნობთ იმ თავზარდამცემი უბედური შემთხვევის შედეგად ლორიკის, ჩვენი მასწავლებლისა და უფროსი მეგობრის, მოულოდნელი დაღუპვით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს.

 

ღრმად მწამს, რომ მხოლოდ ლორიკ მარშანიას მიერ გაკვალული გზით სიარული გადაარჩენს, ცნობილ ვითარებათა გამო, უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩენილ აფხაზეთს და აფხაზ ხალხს; მხოლოდ ამ გზით სიარული მიგვიყვანს ნდობის აღდგენამდე, შერიგებამდე და, საბოლოო ჯამში, საქართველოს გაერთიანებამდე. ყველა სხვა გზა არც თუ ისე შორეულ მომავალში ისტორიული არენიდან გაქრობის, რუსულ-იმპერიულ ჭაობში ღრმად - ფსკერამდე ჩაძირვის გზაა, რომლის თავიდან აცილებასაც ბატონმა ლორიკმა მთელი თავისი სახელოვანი სიცოცხლე მიუძღვნა.

დიდება ლორიკ მარშანიას წმინდა სახელს!

უფალმა ნათელში ამყოფოს მისი სული!

 

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია

 

Печать