27 სექტემბერს აფხაზეთის საზოგადოებრიობა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის დაცემიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. დაგეგმილ ღონისძიებებსა და საერთოდ, სოხუმის დაცემის წინა დღეებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს უმაღლესი საბჭოს აღმასრულებელ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი, 1992-1993 წლებში საზენიტო-საარტილერიო დივიზიონის მეთაური ზურაბ მებონია.
- ამ თარიღთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებას უხელმძღვანელბს. გარდა ამისა, არის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა პატივსაცემად საქართველოს ყველა ქალაქში ჩატარდება მიტინგი, შეამკობენ მემორიალებს ყვავილებით და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან. ასეთი მასშტაბური აღნიშნვა მანამდე არ ყოფილა....
ჩვენ მებრძოლი ერის ქვეყანა ვართ. მთელი ჩვენი ისტორია ომების და სამშობლოს დაცვის ისტორიაა. 27 სექტემბერი ამ ისტორიის ერთი ტრაგიკული ფურცელია. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ეს დღე და ახალ თაობას ვასწავლოთ გმირი წინაპრების მარადიული ხსოვნა, გაუფრთხილდნენ და დაიცვან მათი მონაპოვარი.
მართალია, ამ დღეს გარკვეულწილად გლოვის ელფერი ადევს, მაგრამ ეს არ არის დამარცხების დღე. 27 სექტემბერი იგივე კრწანისის ბრძოლაა უთანასწორო ძალებთან. როცა აფხაზეთში ომი გაჩაღდა, საქართველოს ჩამოყალიბებული ჯარი და შეიარაღებული ძალები არც კი ჰყავდა... სამაგიეროდ, აფხაზური გვარდია ძალიან ადვილად და მალე ჩამოყალიბდა: რუსებმა მათ გადასცეს მე- 8-9 პოლკის შეიარაღება, მათი სამხედრო ბაზა. ომის წინა დღეებში აფხაზური გვარდია ღამის 12-დან დილის 6 საათამდე "აკონტროლებდა" სოხუმს, ჰქონდათ მოქალაქეების დაკავების უფლება.... ცხადია, ეს ქართულ მოსახლეობას არ მოსწონდა, ჩვენთვის წარმოუდგენელიც კი იყო ლამაზ საკურორტო ქალაქში "ბეტეერებით" გრიალი, ღამ-ღამობით ავტომატის ჯერის ხმა და ა.შ. გვიან მიხვდა ქართველი მოსახლეობა, რისთვის იყო ეს გამიზნული.
რისთვის?
- იმისთვის, რომ მოსახლეობაში შიში ჩაენერგათ.... ჩვენ ამას ცოტა "რბილად" ვუყურებდით, არ გვეშინოდა.... არ გვეგონა, რომ მცირერიცხოვანი აფხაზური გვარდია ცეცხლს გაუხსნიდა მოსახლეობას და მით უმეტეს ოფიციალურ ფორმირებას, რომელიც უნდა შემოსულიყო რკინიზგის მაგისტრალის და სხვა სახელმწიფო ობიექტების ძარცვისგან დასაცავად და რომელიც წინასწარ იყო შეთანხმებული აფხაზეთის ხელისუფლებასთან, პირადად ვ. არძინბასთან... მაგრამ მათ ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს შსს ფორმირებებს. მშვენივრად იცოდნენ, რომ მათ ხელთ არსებული ძალებით დიდხანს ვერ შეეწინააღმდეგებოდნენ, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. მთავარი გასროლის ანუ კონფლიქტის პროვოცირება იყო, რასაც მიაღწიეს კიდეც. ამის მერე მათ ცეცხლი გახსნეს გულრიფშის რაიონში, მერე ქ.სოხუმში. როდესაც არძინბამ პირველსავე დღეს, 14 აგვისტოს საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა და ქართულ მოსახლეობასაც მოუწოდა წინააღმდეგობა გაეწია ქართული შეიარაღებული ძალებისათვის, რა თქმა უნდა, ჩვენც დავიწყეთ თავდაცვაზე ფიქრი.... გაგრის ტრაგედიის მერე კი ოფიციალურად დავიწყეთ სამხედრო მზადება.
მთელი წლის განმავლობაში სოხუმზე განხორციელებულ შტურმებს გმირულად იგერიებდა ქართული მხარე. რა მოხდა 27 სექტემბერს, შეიძლებოდა თუ არა, რომ ქალაქი არ დაცემულიყო?
- მას მერე რაც კონფლიქტში ჩაერთო რუსეთის სამხედრო სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ძალები, რუსეთის საარტილერიო შენაერთები, სპეცსამსახურების რაზმები, გარდაუვალი იყო ჩვენი მარცხი. მაგრამ ქართული მხარე მის ხელთ არსებული ძალებით გაუგონარ წინააღმდეგობას უწევდა მოწინააღმდეგეს. ფაქტიურად ფრონტის ხაზი გაიშალა მდ. გუმისთაზე, სადაც ჩვენ შევქმენით ზღუდე. მთელი წლის განმავლობაში, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, მათ ვერ გადმოლახეს ეს ზღუდე. მხოლოდ მარტის ოპერაციის დროს, როცა ქართულმა არტილერიამ ისინი ხერხემალში გადატეხა და მეომრებმაც სამაგალითო გმირობები აჩვენეს, მიხვდნენ რომ მდ. გუმისთას ვერ გადმოლახავდნენ. ამიტომაც ზემოდან შემოვლით, სოფელ შრომიდანაც დაიწყეს გადმოსვლა. 1993 წლის 15 სექტემბრის ღამეს გუმისთაზე შეტევა განახლდა. ჩვენ იმ დროისთვის უკვე განიარაღებული ვიყავით, მაგრამ მაინც ჩავედით გუმისთაზე, რომ სპონტანურად მაინც შეგვეკავებინა მათი გადმოსვლა. ქართული სამხედრო შენაერთები ოფიციალურად უკვე დაშლილია, იარაღი ჩაბარებულია. უნდა გითხრათ, რომ მე ამას ველოდი და ამიტომაც იარაღი გადავმალე, რაც შევძელი; ზოგიც გავატანე ათ და ოცმეთაურებს იმ პირობით, რომ თუკი საჭირო გახდებოდა, ყველანი უნდა შევკრებილიყავით ერთ გამოძახებაზე. ასეც მოხდა: 465 საშტატო ერთეულიდან სამას კაცზე მეტი მოგროვდა. წარმოიდგინეთ, გენერალ კოლესნიკოვის გეგმით სოხუმში ისინი 16-ში უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ ჩვენ რითაც შეგვეძლო ვაკავებდით მათ გადმოსვლას 25-მდე. თუმცა ქალაქში გუმისთიდან მაინც ვერ შემოვიდნენ, ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ბიჭები ათი დღის განმავლობაში ლომებივით იცავდნენ ქალაქის შემოსასვლელს. ბოლოს, ხალხი ალყაში რომ არ მოქცეულიყო, იძულებული ვიყავით უკან დაგვეხია. ვინ გასცა უკან დახევის ბრძანება, დღემდე ვერ გავიგე.... თუმცა არ ვიცი, რა შეიცვლებოდა ბრძანება რომ არ გაცემულიყო? შეიძლება კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელებულიყო ომი. არც იმის იმედი მქონდა, რომ საიდანმე ტყვია-წამალს მივიღებდი....
თუკი განიარაღებამდე ქართული მხარე იგერიებდა შემოტევებს, გამოდის, რომ 27 ივლისის ხელშეკრულება საბედისწერო პოლიტიკური შეცდომა ყოფილა?
- მართალია, ეს იყო არათანასწორუფლებიანი შეთანხმება და ამიტომაც ყველანი ვიყავით მისი წინააღმდეგი.... მაგრამ შევარდნაძემ ეს ხელშეკრულება იმით გაამართლა, რომ ომის გაგრძელებისთვის საჭირო სამხდრო მარაგი უკვე ამოწურული იყო. საქართველოს სხვა ალტერნატიული გზა, გარდა შერიგებისა, არ გააჩნდა. შეცდომა იყო სწავლის განახლების და მშვიდობიანი მოსახლეობის, ძირითადად ბავშვებისა და ქალების დაბრუნებისკენ მოწოდება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ირიბი მოწოდება უფრო აფხაზური მხარის გასაგონად: ფრთხილად, ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა ბრუნდება და ხელი არ წაგიცდეთ იარაღისკენ... ჩემის აზრით, ეს მოწოდება ბოლო ხავსი იყო ჩვენთვის....
ბატონო ზურაბ, ზეგჯერ აფხაზეთიდან დევნილებს საყვედურობდნენ იმას - მიატოვეს მშობლიური კუთხე, ბოლომდე არ იბრძოლეს...
- ჯერ ერთი, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ. იმაზე მეტი ბოლო უკვე აღარ არსებობს! მეორეც, ეს საყვედური კი არა ძალიან დიდი უვიცობაა! აფხაზეთის მოსახლეობას რომ არ დაეტოვებინა თავისი კუთხე, დღეს გვექნებოდა მეორე ტაო-კლარჯეთი... სანამ არსებობენ აფხაზეთიდან დევნილები და ლეგიტიმური დევნილი ხელისუფლება, მანამდე აფხაზეთის პრობლემა გადაუჭრელია და აქტუალური.... ახლა წარმოიდგინეთ, აფხაზეთის ქართველ მოსახლეობას რომ არ დაეტოვებინა იქაურობა: გაგრის სისასტიკეში "გამობრძმედილი" ბოევიკები უარეს შემთხვევაში ამოჟლეტდნენ ქართველებს, უკეთეს შემთხვევაში - აფხაზეთში შემოსული რუსეთის ჯარი და სეპარატისტული მთავრობა განიარაღებულ მოსახლეობას, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი უკვე აღარ ექნებოდა, იძულებით ”დაითანხმებდა” აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე. აი, ეს იქნებოდა კლასიკური ანექსია, ჩვენ ეს არ დავუშვით. ჩვენ ჩვენი დევნილობით აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში უპირობოდ შევინარჩუნეთ... ძალიან ცუდია, რომ საქართველოში ამის განმარტება ვინმესთვის საჭიროა...
მე ვისარგებლებ შემთხვევით და ომის ვეტერანებს გავუზიარებ სიხარულს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც იქნა, საქართველოს ხელისუფლებამ სათანადო ყურადღება მიაქცია მათ. მადლობა ღმერთს, რომ ამიერიდან ისინი იწოდებიან შეიარაღებული ძალების ვეტერანებად და არავინ აღარ დაგვყოფს ამ ომის და იმ ომის ვეტერანებად, რასაც ადგილი ჰქონდა წინა წლებში. ასევე მისასალმებელია, რომ შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც სწავლობენ როგორ გაუმჯობესდეს ომში დაღუპული მეომრების ოჯახების ინვალიდად დარჩენილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური პირობები. იგეგმება, რომ მომავალი წლიდან ომში დაღულუპლი მეომრის ოჯახი მიიღებს 500 ლარს ყოველთვიურად, ხოლო 2015 წლის 1 იანვრიდან ეს თანხა გაორმაგდება. გარდა ამისა, ავღანეთის ომში დაღუპულთავთვის გათვალისწინებულია საკომპენსაციო თანხის გაცემა 100 000 ლარის ოდენობით. სახელმწიფოს დიდი ხნით ადრე უნდა აეღო ვეტერანთა წინაშე სათანადო ვალდებულება. ეს მომავალი თაობის აღზრდაზეც მოახდენს გავლენას. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამშობლოსთვის ზვარაკად შეწირულნი ღირესულად არიან დაფასებული.
დიდი მიღწევად მიმაჩნია ისიც, რომ საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ვეტერანთა დეპარტამენტი იარსებებს ცალკე, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყება და პირდაპირ დაქვემდებარებაში იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, რომ მან დამოუკიდებლად შეძლოს ვეტერანთა ინტერესების დაცვა.