აფხაზეთში ინსპირირებული ომის ასპექტები 20 წლის გადასახედიდან

 

27 სექტემბერს აფხაზეთის საზოგადოებრიობა ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან ერთად აფხაზეთის დაცემიდან 20 წლისთავს აღნიშნავს. დაგეგმილ ღონისძიებებსა და საერთოდ, სოხუმის დაცემის წინა დღეებში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა.

 

ბატონო ელგუჯა, დღეს უკვე ეჭვი აღარ არსებობს იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაკარგვა რუსეთის ოკუპანტური პოლიტიკის შედეგია. აფხაზურ სეპარატიზმზეც დიდი წილი მოდის, თუმცა ესეც ოკუპანტური რეჟიმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ ყველა გაურბის ქართველთა შეცდომებზე ლაპარაკს...


- რა თქმა უნდა, საკუთარ შეცდომებზე საუბარი არც ისე სასიამოვნოა, მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზეთის ომი შორს იყო რეალური ომისგან...  ამით მე სრულებითაც არ ვაკნინებ მებრძოლებს, რომლებიც ყოველ წუთში სიკვდილს თვალებში უყურებდნენ. მე სამხედრო საქმის დიდი მცოდნე არ გახლავართ, მაგრამ ჯარში მიმსახურია და დაახლოებით მაინც ვიცი, რომ მტრის ძალის განადგურების შემდეგ უნდა დაიკავო ის პოზიცია, რომელიც მოგერიებული იქნა... ჩვენს შემთხვევაში რატომღაც პირიქით ხედებოდა: ტყვარჩელი რამდენჯერაც აიღო ქართულმა მხარემ, იმდენჯერ "ჩააბარა", ამ სტრატეგიული რეგიონის პრობლემის მოხსნით შესაძლებელი იყო სოხუმი-ოჩამჩირის გზის გახსნა, მაგრამ რატომღაც არ მოხერხდა?! თითქოსდა, განგებ კეთდებოდა ისე, რომ  მტერს ჩვენს ზურგში პლაცდარმი ჰქონოდა...  ყველგან გვეკავა პოზიცია, ასე ვთქვათ, "პარტერში", ხოლო მაღლობს და ზეგანს, რასაც ბრძოლის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული თვალსაზრისით, რატომღაც მტერს ვუთმობდით და სწორედ იქიდან დაიწყეს, კიდეც, სოხუმის აღებაც..... გაუგებარი იყო, ომის პერიოდში საკენის გზის მშნებელობის დაწყებაც, ვისთვის და რისთვის კეთდებოდა ეს გზა ”პაპანაქება” ომში?!.... ასევე, ომის პერიოდში აფხაზებმა დაიწყეს ახალი გზის გაჭრა სოხუმის ზეგანზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ შემოვლითი გზით აპირებდნენ მეორე ფრონტის გახნას... გამოცდილმა სამხედროებმა გადაწყვიტეს ამ გზის ლიკვიდაცია, რომლისთვისაც 100 მეომარიც საკმარისი იყო, თუმცა ამის ბრძანება რატომღაც არ გაიცა.... ასეთი უამრავი ნიუანსი არსებობს, რომლის ახსნა დღესაც კი რთულია...

 

მიამიტობაა იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩვენ რუსეთს ომს მოვუგებდით, მაგრამ ის პოლიტიკური სიტუაცია, როდესაც რუსეთი ღია და აშკარა აგრესიაზე ვერ მოდიოდა, აუცილებლად და გონივრულად უნდა გამოეყენებინა ქვეყნის მაშინდელ მმართველს. ჩვენ შეგვეძლო მოლაპარაკებების ფორმატი შეგვეცვალა სავსებით არგუმენტირებული მიზეზით: რუსები ყოველთვის არღვევდნენ მიღწეულ შეთანხმებებს, ამიტომაც უნდა მოგვეთხოვა რუსეთის "მშვიდობისმყოფელების" საერთაშორისო დამკვირვებლებით ჩანაცვლება და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიად გამოცხადება, მაგრამ ეს არ ისურვა ქართულმა მხარემ. მახსოვს, 1993 წლის 24 აპრილს დაისვა ეს საკითხი საქართველოს პარლამენტში და მივიღეთ კიდეც გადაწყვეტილება, მაგრამ გაუგებარი მიზეზების გამო არ მივიდა ადრესატამდე?! ან როგორ ავხსნათ ის, რომ ქვეყანაში ომია და არ ცხადდება საერთო მობილიზაცია, სამაგიეროდ, მთელი დღის განმავლობაში ტელევიზიით ხდება გასართობი გადაცემების ტრანსლირება, რეკლამები დუბაიში და სხვა ქვეყნებში დასასვენებლად?! იქ სისხლი იღვრება, აქ კი გართობაზე ზრუნავენ... თითქოს სხვა ქვეყანაა და არც კი ეხება ეს სისხლისღვრა?!

 

ბატონო ელგუჯა, გაგრის აღების შემდეგ ხალხში ხმა დადიოდა, რომ "აფხაზეთი გაყიდულია". ვის ინტერესში შედიოდა ეს გაყიდვა?


- ძალიან არ მინდა ვინმესკენ თითის გაშვერა, მაგრამ აშკარად იმის ინტერესში შედიოდა, ვინც მაშინ ჩვენს ქვეყანას მართავდა. თავად მას კი კრემლი მართავდა... ჩვენ მსოფლიო გადანაწილების გეგმაში მოვყევით.... ვეთანხმები ჭაბუა ამირეჯიბს იმაში, რომ ”შარიან მიწაზე მოსახლე ერი ვართ”, მიხვდით, ალბათ, რაც იგულისხმება - ”ამა სოფლის ძლიერთა” ინტერესების გადაკვეთაში პატარა საქართველოს დიდი მნიშვნელობა აქვს.... ჩვენ მოვტყუვდით, როცა გვეგონა, თუკი სიმართლეს ვეტყოდით მსოფლიოს და რუსულ აგრესიას დავანახებდით, ეს საერთაშორისო საზოგადოების ”აღშფოთებას” გამოიწვევდა და სასწრაფოდ გამოემართებოდნენ ჩვენს დასაცავად. მსოფლიო ამას ”ვერ” დაინახავდა იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ჩეჩენი ხალხის გენოციდი ვერ დაინახა...

 

იყო თუ არა შესაძლებელი მეტის გაკეთება იმისთვის, რომ აფხაზეთი არ დაგვეთმო?


- იცით, მებრძოლებსა და მოსახლეობას აფხაზეთი არ დაუთმია. აფხაზეთის დათმობა ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გადაწყდა.... ადგილობრივმა მოსახლეობამ ომამდეც ყველაფერი იღონა, რომ მშვიდობიანი ცხოვრება შეენარჩუნებინა, მაგრამ მესამე ძალა ამ ომს დიდი ხანი ამზადებდა, ეს გარდაუვალი იყო.... რაც შეეხება ომის პერიოდს, ეს იყო გმირობის 13 თვე.

 

რუსეთი უფრო ადრე დაამთავრებდა ამ ომს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ასეთი მედგარი წინააღმდეგობა რომ არ შეხვედროდა ქართველი მეომრებისგან.... ეს იყო თავგანწირვის ომი. იცით, ბევრი რამ წამიკითხავს ომების შესახებ, მაგრამ რაც იქ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა, სასაკლაოს უფრო ჰგავდა.... განიარაღებული ახოვანი ქართველი ბიჭები თავდაუზოგავად და უშიშრად ერკინებოდნენ მომხვდურს. მარადიული ხსოვნა მათ ვაჟკაცობას! მათი გმირობები არა მარტო საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ისტორიაშიც იშვიათობას წარმოადგენს, მაგრამ, ეტყობა, რეალური  ისტორიის დაწერაც ისევე რთულია, როგორც ომის მოგება... ტყვეთა გაცვლის ერთ-ერთ პროცესში ერთ ვაჟკაც ქართველში აფხაზურმა მხარემ სამი აფხაზი მოითხოვა. ქართული მხარე დათანხმდა. საერთოდ, ტყვეობაში ადამიანი ძალაუნებურად ითრგუნება, მაგრამ ეს საოცრად მომხიბვლელი აღნაგობის ვჟკაცი მხნედ და გამართულად იდგა. 20 ნაბიჯიღა აკლდა ხიდზე გადმოსვლას, ისე ესროლეს ”გათავისუფლებულს” იქითა მხრიდან... ექიმი გიგა თოლორდავა მიყვებოდა, როგორ  მოწყვიტა ნაღმმა მეომარს ორივე ფეხი ბარძაყში. იმ მეომრის გადარჩენა შეუძლებელი იყო. მხოლოდ გამაყუჩებელი გაუკეთეს. თვითონაც ხვდებოდა ყველაფერს.... იდგა ფეხებწაცლილი საკაცეზე, მხოლოდ სიგარეტს ითხოვდა. ერთი არ დაუკვნესია, ისე დაიფერფლა...

 

არ შეიძლება დაივიწყო მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის შეუპოვრობაც, რასაც მე გარკვეულწილად გმირობად შევაფასებდი. მშვიდობიანი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაბომბვების მსხვერპლი გახდა...

 

ამაზე მეტს ნამდვილად ვერ გავაკეთებდით... 26-27 სექტემბერის ბრძოლები იყო მაქსიმუმზე მეტი, ფაქტობრივად გაუგონარი გმირობის დღეები... წარმოიდგინეთ, ქალაქში უკვე მომხვდურები შემოვიდნენ, ტყვია-წამლის გარეშე დარჩენილი მეომრები უკან იხევენ. დაახლოებით ერთ კილომეტრში სახლში დედ-მამა ჰყავს დატოვებული მეომარს, ცხადია, მებრძოლი შვილის იმედად, რომელიც ვერ ახერხებს მათ გამოყვანას... 29-ში კი გებულობს მეზობლისგან, რომ მისი მშობლები დახვრიტეს იმის გამო, რომ შვილი იბრძოდა.... ამაზე მძიმე შემთხვევებს განგებ ვარიდებ თავს. პირადად მე  ყველა გადარჩენილ მეომარს გმირის წოდებას მივანიჭებდი.

 

აფხაზეთის დაცემა ჯვართამაღლების დღეს ღვთის წყრომას ხომ არ ნიშნავს? რამეზე მიანიშნებს?


- არა, ასე ვერ ვიტყვი... ისე, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა სოხუმელისთვის, რომელ რიცხვში დაკარგავდა ქალაქს?! მე პირადად მგონია, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება. იცით, ვაჟას აქვს გენიალური სიტყვები, როცა მიწა მადლს დაკარგავს, ქვეყანას ჭირი მოედებაო... ჩვენც დავკარგეთ, ეტყობა, მადლი.... 27 სექტემბერს, უდიდეს საუფლო დღესასწაულზე - ჯვართამაღლების დღეს დავკარგეთ საქართველოს ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მიწა, სადაც ჯვრით ხელში შემოვიდნენ ქრისტეს მოციქულები. მაგრამ, არა უშავს, დადგება ორმხრივი მონანიების და სიყვარულის დროც, რის გარეშე ამ პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია.  ზოგჯერ გეჩვენება, რომ დრო სწრაფად გარბის, მაგრამ ის დრო, რომელიც ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას სჭირდება, რატომღაც ძალიან ნელა გადის....

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions