აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 1992-1993 წლების აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულ მეომართა მშობლები დააჯილდოვა

 

30 სექტემბერს აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ 1992-93 წლების ომში გმირულად დაღუპულ მეომართა მშობლები მოიწვია, რომლებსაც აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში სამშობლოსთვის თავდადებული შვილების აღზრდისთვის გადეცათ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელები.

 

უმაღლესი საბჭოს წევრებმა კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა საპატიო სტუმრებს - სულიკო გაბუნიას, ეთერ ლაბარტყვას, იზოლდა ფოფხაძეს, ნარგიზა მარტიაშვილს და თემურ ჯანჯღავას სამშობლოსთვის გაღებული უდიდესი მსხვერპლისთვის და მუდმივი თანადგომა გამოუცხადეს.

 

”სანუგეშოდ ვერცერთი სიტყვა ვერ გამოდგება იმ ტკვილისთვის, რაც თქვენმა გულმა იწვნია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ქართველ ხალხს ახსოვს თქვენი გმირი შვილები, რომელთა მაგალითზეც  საუკუნეების შემდეგ მომავალი თაობები გაიზრდება. თქვენი შვილები მარად ცოცხალნი არიან. დიდება, ხსოვნა და არდავიწყება აფხაზეთის გმირებს” - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ.

 

დაღუპულ მეომართა მშობლებმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადეს უმაღლესი საბჭოს წევრებს ყურადღებისა და გულისმიერებისათვის. თბილისელმა ქალბატონმა ნარგიზა მარტიაშვილმა საკუთარი ხელთნაკეთი საჩუქრები და ლექსი გადასცა უმაღლეს საბჭოს, რომელიც აფხაზეთის დევნილ მოსახლეობას მიუძღვნა და რომელსაც მისი თხოვნით ვაქვეყნებთ.

 

 

 

მონატრებიათ დევნილებს კერა,

შინ დაბრუნებას გულით ნატრობენ,

შორიდან ჩუმად ეფერებიან,

უხმო საფლავთან ცივ სიმარტოვეს.

მონატრებიათ კერაზე ცეცხლი,

ძველი სითბო და ძველი გულისთქმა,

ნაფიქრალი და ნანატრი დიდხანს,

მონატრებიათ მზის მთა გუმისთა.

მონატრებიათ გული აფხაზის,

ალალ ლუკმას რომ იყოფდნენ ძმურად,

იბერიული ძველი სიმღერით,

წინ გაუშლიდნენ სუფრას მეფურად.

და იგონებდნენ გარდასულ დღეებს,

რამდენ განსაცდელს გაუძლო იმ ცამ...

დაუბრუნდება კვლავ იბერიას

მიწა ლამაზი, ქართული მიწა.

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions