ანზორ წოწონავა: “საქართველოს განვითარება ორხელისუფლებიანობამ შეაფერხა“

 

 

საქართველოს რთულ და წინააღმდეგობებით სავსე პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ანზორ წოწონავა გაზეთ ”ახალ თაობას”(22.10.2013წ.). ვაქვეყნებთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს.

 

ბატონო ანზორ, როგორ შეაფასებდით ბიძინა ივანიშვილის წასვლას პოლიტიკიდან  საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ?  რამდენად არის მომზადებული ჩვენი საზოგადოება, ქვეყანა ამ გარდამავალ პერიოდში, რომ კოალიციის ლიდერმა დატოვოს აქტიური პოლიტიკა?


– ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება უახლოეს დროში პოლიტიკიდან მისი წასვლის შესახებ ნამდვილად არის სიახლე ქვეყნაში მართვის დემოკრატიული სისტემის დამკვიდრების საქმეში. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვართ კომუნისტური პერიოდის გავლენის ქვეშ, როდესაც ქვეყნის მართვა მთლიანად დამოკიდებული იყო ერთ პიროვნებაზე  და არა სამართლებრივ სისტემაზე.

 

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცივილიზებული სამოქალაქო პრინციპების დამკვიდრებას მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოში წინ უძღოდა წინააღმდეგობები,  სამოქალაქო ომები და სისხლისღვრა, ინფლაცია და კრიზისი. ამის ნათელი მაგალითებია ამერიკის ოცდაათწლიანი სამოქალაქო ომი, საფრანგეთის სისხლიანი რევოლუციები, ინგლისში მონარქიისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ურთიერთობის ჩამოყალიბებისას მწვავე  სისხლიანი დაპირისპირებები და მრავალი სხვა ისტორიული მოვლენა.

 

საქართველომ ცივილიზებული თანამეგობრობის მხარდაჭრით, დამოუკიდებლობის ორი ათეული წელი მოანდომა იმ გზის გავლას, რომელიც ევროპის ქვეყნებმა 100–150 წლის განმავლობაში სამოქალაქო დაპირისპირებაში სისხლისღვრით, ინიფლაციით და კრიზისით გაიარეს.  მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვაქვს სერიოზული პრობლემები ქვეყნის პოლიტიკურ–სამართლებრივი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაში, დემოკრატიული ნორმების  გამყარებასა და  ადამიანის უფლებების დაცვაში, რაც ცალსახად დაადასტურა 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებმა, სადაც მაშინდელმა ოპოზიციამ –„ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა ხმების  60 % მიიღო.

 

უკვე ერთი წელია, რაც ქვეყნის მმართველობაში ორხელისუფლებიანობაა. სიტუაციას ამძიმებს  უმაღლეს პოლიტიკურ ორგანოში– პარლამენტში შექმნილი მდგომარეობა, რომელიც დროულად ვერ ახერხებს კონსესუსის მიღწევას საკანონმდებლო პაკეტების მისაღებად, რათა დამყარდეს სრული ბალანსი ქვეყნის სახელისუფლებო შტოებს შორის, რათა შეიცვალოს ის ვითარება, როდესაც ბოლო 9 წლის განმავლობაში კონსტიტუციაში შეტანილი გაუაზრებელი, ნაჩქარევი ცვლილებებით ქვეყანა ერთპიროვნული, ვოლუნტარული მართვის ქვეშ მოექცა.  ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ასევე სერიოზულად აფერხებს გაურკვევლობა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში, რომელიც კონსტიტუციაში დღემდე არ არის განსაზღვრული. არ ვიცით, როგორი იქნება ის–რეგიონალური, ფედერაციული, კონფედერაციული თუ უნიტარული? რეალურად არ არის გამიჯნული უფლებამოსილება ცენტრსა და რეგიონებს (რაიონი, ქალაქი) შორის, რაც სერიოზულად უშლის ხელს ქვეყნის დემოკრატიულ აღმშენებლობას, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას. პრაქტიკულად, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საბაზრო ეკონომიკას, ქვეყნის მართვის სამართლებრივი სისტემის მექანიზმი გარკვეულწილად რჩება ისეთივე, როგორიც იყო დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე.

 

ჩვენ ღმერთმა მოგვცა ფუფუნება დემოკრატიული პრინციპების დამყარებაში გამოვიყენოთ ცივილიზებული სამყაროს გამოცდილება, შედარებით მოკლე დროში დავამკვიდროთ  სახელმწიფოს დემოკრატიული მშენებლობის უმთავრესი პრინციპები, რომელიც ადეკვატურია ჩვენი ეროვნული მენტალიტეტისათვის. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი რეალურად არ არის მზად იმისათვის, რომ გამოიყენოს თავისი პოლიტიკური უფლებები და მოიხადოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულებები. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებით და გააქტიურებით რეალურად გაქრება მერკანტილურად შექმნილი ფსევდო ეროვნული პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა არსებობა  უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია ერთ პიროვნებაზე.

 

დღეს უკვე სახეზეა  არასამთავრობო  ორგანიზაციების შექმნის ახალი ტენდენცია, რომელსაც შეიძლება მიეცეს დადებითი შეფასება, რადგანაც მის შემადგენლობაში ერთიანდება ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა, რომელსაც შეუძლია ახალი სისხლი შემატოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ყოფილი მმართველი პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი აღმოჩნდა პირდაპირ დამოკიდებული ხელისუფლების ნებაზე, მისი პოლიტიკური პიარის შემსრულებელი.

 

თქვენი აზრით, რა უნდა იყოს პრიორიტეტული  დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რათა ქვეყანა დაადგეს მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზას, შეძლოს შიდა პოლიტიკური სტაბილიზაციის მიღწევა, მაქსიმალურად შესრულდეს წინასაარჩევნო დაპირებები და აღდგეს სამართლიანობა?


–ხელისუფლების ძალისხმევის პირველი შედეგი ყველა მიმართულებით  სახეზეა. ეს პირველ რიგში ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, ბიზნესზე წნეხის მოხსნას და მისთვის მიყენებული ზარალის აღდგენას. განხილულია ათასობით განაცხადება ბიზნესის წართმევაზე, უკანონო პატიმრობაზე, სასჯელაღსრულების სისტემაში დაშვებულ არაადამიანურ მოპყრობაზე. პარლამენტმა მიიღო კანონი ფართო ამინისტიის შესახებ, რომელსაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციამ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა კი მას ვეტო დაადო, რომელიც დაძლეულ იქნა. 200–მდე პოლიტიკური პატიმარი და კიდევ რამდენიმე ათასი უკანონოდ გასამართლებული დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ყოფილი ხელისუფლება მმართველი პარტია და მისი ლიდერი მ. სააკაშვილი „ოპონირებით“ დღესაც სერიოზულად უშლის ხელს ამჟამინდელ ხელისუფლებას ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემების მოგვარებაში,  ყოველნაირად ცდილობს მის დისკრედიტაციას საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადსხვა ქვეყნის ლიდერების წინაშე. ეს ყველაფერი, რა საკვირველია, უარყოფითად მოქმედებს საინვესტიციო გარემოზე.

 

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში არსებული იმ ხარვეზების დაძლევას, რომელიც ფაქტობრივად ზღუდავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს,  კონსტიტუციითა და საერთაშორისო ნორმებით განსაზღვრული დრო სჭირდება. სწორედ ეს ვითარება გარკვეულ წილად ამუხრუჭებს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას. ყოფილი მმართველი პარტია კარგად“ იყენებს ამ სიტუაციას ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის. თუმცა მისი მცდელობა საბოლოოდ ფუჭი გამოდგება, რადგან ხალხის უმეტესი ნაწილი მხარს უჭერს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს,  რომელმაც უზარმაზარი ძალისხმევით გააერთიანა ქართველი ერი და მთელი მოსახლეობა.

 

ბ. ივანიშვილმა რეალურად შეასრულა ხალხის წინაშე დადებული პირობა, რომ არჩევნები იქნებოდა მოგებული და სამართლიანობა აღდგენილი, მაგრამ საკანონმდებლო მარწუხებისა და ორხელისუფლებიანობის პირობებში ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესი გარკვეულწილად შეფერხდა. როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, პრეზიდენტმა საგაზაფხულო სესიების პერიოდში ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებულ 17 კანონს, რომელთა დროული ამოქმედება მნიშვნელოვანი იყო მთელი რიგი პრობლემების მოსაგავრებლად. მისი წარმომადგენლები ყოველნაირად ცდილობენ დემოკრატიული განვითარების პროცესების დამუხრუჭებას, ხელისუფლების დისკრედიტაციას ქვეყნის შიგნით და გარეთაც, რადგანაც ჯერ კიდევ აქვთ შემორჩენილი სათანადო პოლიტიკური ბერკეტები. დღეს აუცილებელია საზოგადოებრივი სექტორის გააქტიურება, მისი გაჯანსაღება და ხელისუფლებასთან მისი თანამშრომლობის დამკვიდრება, რომ ხალხის ინიციატივა არ იყოს გაყინული. პრემიერ ბ. ივანიშვილის გამოსვლებიდან ნათლად ჩანს, რომ მას სურს შექმნას მთავრობა, რომელიც იქნება ხალხის მიერ დაქირავებული და არა ხალხი მთავრობის სამსახურში. ამიტომ პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა და მისი სამოქალაქო სექტორში გადასვლა  სრულყოფილი მმართველობის სისტემის შექმნის წინაპირობაა, რაც გამორიცხავს ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ მავნე ტრადიციას–ლიდერზე დამოკიდებულებას. დღევანდელი რეალობა ითხოვს საზოგადოებრივი ურთიერთობების ახალ, არასტანდარტულ პოლიტიკურ ტექნოლოგიებს.

 

ბიძინა ივანიშვილის გადადგომას სკეპტიკურად აფასებს პოლიტოლოგები, ექსპერტები და  საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ისინი თვლიან, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებით გამოხატულ ხალხის ნებას შეიძლება საფრთხე დაემუქროს,თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?


კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო საზოგადოების კონსოლიდაცია და ხელისუფლება ჩაიბარა ფაქტობრივად ავტორიტარული საკანონმდებლო აქტებით, რომელიც დღემდე ამუხრუჭებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და, რაც მთავარია სამართლიანობის აღდგენას. ჯერ კიდევ დიდი კითხვის ქვეშ დგას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის საკითხი. ამიტომ ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღდგნის უმთავრესი საკითხები რეალურად გადაწყდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. იმედია, პირველ ეტაპზე ამით მივაღწევთ ქვეყანაში კონსტრუქციული, დემოკრატიული ოპონირების ინსტიტუტების  ამოქმედებას, რაშიც უმთავრესი ადგილი უნდა დაიკავოს სამოქალაქო სექტორმა– არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა და მოძრაობებმა. ასევე უმთავრესი როლი ენიჭება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების უფლებამოსილების გაფართოებას, მათი შემოქმედებითი საქმიანობის სრულყოფას. ამით შესაძლებელი გახდება თითოეული ჩვენი მოქალაქის აქტიური ჩართვა საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტაში.

 

როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ბიძინა ივანიშვილს ადრევე ჰქონდა გაცხადებული და ამ დაპირების შესრულებისათვის ემზადება. მთავარი მიზანი – საზოგადოების კონსოლიდაცია, მიღწეულია. სიბრძნე, ურთიერთკეთილგანწყობა, რომელიც ჩვენს ხალხს მოდუნებული აქვს, საერთო კეთილდღეობისათვის ამუშავებული უნდა იქნეს.

 

ბიძინა ივანიშვილის გადადგომა ანუ სახელისუფლებო მმართველობიდან მისი გასვლა, სულაც არ ნიშნავს პოლიტიკური აქტიურობიდან პასიურ პოზიციაში გადაადგილებას. პირიქით, მისი ეს ნაბიჯი მიმართულია საზოგადოების გააქტიურებისაკენ. ოღონდ ეს უნდა  მოხდეს იმ დროს და ისეთნაირად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სტაბილიზაცია, კანონის უზენაესობა და ეკონომიკური წინსვლა. თუ დაიწყო ქაოსი, მაშინ საზოგადოებაში „მტკიცე ხელის“ მოთხოვნილება გაჩნდება და მივიღებთ სრულიად საპირისპირო შედეგს.

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions