აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ანზორ წოწონავას წინადადებები და შენიშვნები „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგიებულ პირთა, დევნილთა შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

 

ცნობილია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის ტრაგედიის შემდეგ მიიღო 50–ზე მეტი დოკუმენტი. დადგენილებები, ბრძანებულებები, კანონები, რომელიც ეხებოდა აფხაზეთში კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების საკითხებსა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სრულყოფას. მიუხედავად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ზომებისა დევნილთა ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში მდგომარეობა მაინც მძიმეა. 20 წლიანი დევნილობის პერიოდში მიღებული საკანონმდებლო აქტებიც კი მხოლოდ ნაწილობრივ თუ პასუხობენ საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და ნორმებს.

 

კანონპროექტი „ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგიებულ პირთა, დევნილთა შესახებ“ წარმოდგენილია განსახილველად სრულიად ახალი რედაქციით და რეგულაციბით, რომელიც შედგება 8 თავისა და 26 მუხლისაგან. გაკეთებული ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონპროექტის ნახევარზე მეტი თავები და მუხლები გაჯერებულია ზოგადი კონსტიტუციური დებულებებით და სამართლებრივად დაუკონკრეტებული და არა გარანტირებული ვალდებულებების მქონე პუნქტებით, რასაც ითხოვს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციები, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედ კონსტიტუციაში, სადაც ცალსახადაა დაფიქსირებული სახელმწიფოს ვალდებულბა ქვეყნის თითოეული მოქალაქის პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური პირობების უზრუნველყოფის პირობა.

 

წარმოდგენილ კანონპროექტში რეალურად არ იქნა გაწერილი მთავარი სოციალური საკითხები, რომლებიც უკვე 2 ათეული წელია რჩება გადაუწყვეტელი, როგორიცაა:

 

– დევნილთა რეგისტრაციაში არსებული ხარვეზები;

– დევნილთა დახმარების საარსებო მინიმუმამდე აყვანა;

– დევნილთა განსახლების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილება

– დევნილთა ოჯახებზე მიყენებული ზარალის დადგენა (რესტიტუციის კანონის მიღებას) და კომპენსირება;

– დევნილი ოჯახების დიფერენცირება კატეგორიების მიხედვით, რომ ეტაპობრივად ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით იქნეს მათი სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

 

გაურკვეველია კანონპროექტის მე–6 მუხლის მე–2 და მე–3 პუნქტის ცვლილებები, რომელსაც განმარტებით ბარათში მიეცა შემდეგი განმარტება: „წარმოდგენილი კანონპროექტის ამოქმედების შემდგომ, არასრულწლოვან პირებს დევნილის სტატუსი მიენიჭებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ორივე მშობელი არის დევნილის სტატუსის მატარებელი. დღეს მოქმედი რედაქციით,  არასრულწლოვანი პირისთვის დევნილის სტატუსის მისანიჭებლად საკმარისია მხოლოდ ერთი მშობლის დევნილობა.  ბოლო დროს ჩატარებული სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ დევნილის სტატუსი მინიჭებულ არასრულწლოვან პირთა მხოლოდ 20% შეადგენს  ის შემთხვევები, როდესაც ორივე მშობელი არის დევნილის სტატუსის მატარებელი, ხოლო 80 %–ს წარმოადგენს ის კატეგორია, რომელთა მხოლოდ ერთი მშობელი არის დევნილი ამასთან, აღსანიშნავია, რომ ყოველთვიურად ამ უკანასკნელი კატეგორიის პირთათვის დევნილის სტატუსის მინიჭება იზრდება პრაქტიკულად არითმეტიკული პროგრესიით. ბოლო წლის მონაცემის გათვალისწინებით იმ არასრულწლოვანი დევნილის სტატუსის მინიჭებით, რომელსაც დაახლოებით ერთი მშობელი ყავთ დევნილი, ბიუჯეტიდან დამატებით საჭირო გახდა დაახლოებით 700 000 ლარი. შესაბამისად ეს თანხა 2014 წლის და მომდევნო წლების ბიუჯეტისთვისასევე გაიზრდება არითმეიკული პროგრესიით“.

 

ცნობილია, რომ 20 წლის მანძილზე დევნილობაში უკვე იბადება მე–3 თაობა, რომელიც ინტეგრირებულია ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამიტომ ამ მუხლების მიღებით ხელოვნურად მოხდება დევნილი გენოფონდის თანდათანობით გაუქმება. სრულიად მიუღებელია ამ პუნქტის ამოქმედება, როგორც პოლიტიკური, სამართლებრივი, ისე ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით.

 

- ასევე დაუზუსტებელია  მე–11  მუხლის 1 და მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, როდესაც დევნილი ორ თვეზე მეტი ვადით გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა მიზეზით. რატომ სჭირდება ამას წინასწარი შეთანხმება დევნილთა სამინისტროსთან, როდესაც ეს საკითხი დარეგულირებულია მე–2 მუხლის 1 და მე–2 პუნტში.

– ასევე  გაუგებარია  მე–11 მუხლის მე–2 პუნქტი „ე“ ქვეპუნქტის დებულება, სადაც წერია „დევნილს შეუწყდება შემწეობის გაცემა თუ მისი დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 1250 ლარზე მეტს“ ერთი, რომ ეს მწირი დახმარების თანხის მოხსნა არის  სრული უკანონობა. თუ ეს თანხა  ასე მწარედ სჭირდება ბიუჯეტს, მაშინ ისიც უნდა იყოს გარკვეული თუ დევნილს ჰყავს 5, 7 ან მეტი ოჯახის წევრი სარჩენი რატომ არ უნდა იყოს ეს ჩაწერილი ამ ქვეპუნქტში. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი აქვს ხელფასი თუ შემოსავალი დევნილს, ის უფრო მეტ საშემოსავლოს იხდის ბიუჯეტში.

– გაურკვეველია მე–11 მუხლის მე–4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შინაარსი შემწეობის თანხის განახლებაზე მთელი პერიოდის თუ მომდევნო  თვის პირველი რიცხვიდან.

– გაუგებრობას იწვევს მე–13 მუხლის მე–4 პუნქტი, რატომ ეხსნება ვალდებულება სახელმწიფოს დევნილის დაღმავალი შტოს შთამომავლობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე.

– სრულიად დაუცველია დევნილი მე–14 მუხლის მე–8 პუნქტში მოცემული ნორმით, რომ მისი გამოსახლება დაკავებული ფართიდან შეუძლია მესაკუთრეს სამინისტროს თანხმობით. რა გარანტიებით?

 

საერთოდ ვერ მოხვდა კანონპროექტის რეგულაციაში დევნილთა განსახლების ობიექტები, რომლებსაც ჰყავთ პატრონი – კერძო მესაკუთრეები. დღემდე ეს ობიექტები ითვლებიან კომპაქტური ჩასახლების ცენტრებად, (ახალი რედაქციით „მართლზომიერ ფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართი“), საიდანაც დევნილთა გამოსახლების პროცედურა გაურკვეველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული ტექნიკის, სამართლიანობის  აღიარებული უმთავრესი პრინციპების გათვალისწინებით, დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად კანონპროექტი მთლიანად იქნეს გადამუშავებული.

 

საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა

დაცვის, იურიდიული და საპროცედურო

საკითხთა კომისიის წევრი

ანზორ წოწონავა

25.11.2013წ.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions