აფხაზეთის მთავრობამ 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს განახლებულ დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებმა მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.

 

პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭო წევრები,  თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას ხელმძღვანელობით, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, ეს დარბაზი ღია იქნება ყველასთვის, ვისაც აფხაზეთის და დანარჩენი საზოგადოებისთვის საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის სურვილი ექნება.

როგორც გამომსვლელებმა აღნიშნეს, აფხაზეთის მთავრობის სტრუქტურების მეშვეობით ძალიან დიდი ინფორმაციული ბაზა არის ჩამოყალიბებული. შეიძლება იმის თქმაც, რომ ასეთ ინფორმაციულ ბანკს დღეს სხვა არავინ ფლობს. 6 თვის განმავლობაში  მოხერხდა ყველა კომპაქტურად ჩასახლებული ობიექტის პასპორტიზაცია. დღეს უკვე დანამდვილებით არის ცნობილი სად არ არის საკანალიზაციო სისტემა, სად აწვიმს, სად არის  მორყეული საყრდენი, და სად არის კაპიტალური თუ სხვა სახის პრობლემები, ყველაფერი ეს დეტალურად აღრიცხულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინფორმაციის დახვეწა. ბუნებრივია ეს მასალები გადაეგზავნება სამინისტროებს, მერიას, იმ რაიონებს, სადაც კომპაქტურად არიან ჩასახლებული დევნილები. ”ჩვენ გვაქვს საქართველოს ხელისუფლების  მხარდაჭერა, რაც ძალიან დიდი სტიმულია. გაერთიანებული ძალებით, ერთობლივად შესაძლებელი გახდება ქრონიკულად მოუგვარებელი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ დაძლევა”_აღნიშნა ბატონმა ვახტანგ ყოლბაიამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა გვაზავამ, კმაყოფილება გამოთქვა აფხაზეთის მთავრობის ცალკეული სტრუქტურის მიერ გაწეული მუშაობის გამო და საჭიროდ ჩათვალა პრეზენტაციის მასალები ბეჭდური სახითაც გავრცელდეს, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ გაწეულ მრავალმხრივ საქმიანობას, განსაკუთრებული მადლობა კი სამინისტროს მესვეურებმა სწრაფი ტემპით და მაღალი ხარისხით გახსნილი დარბაზისათვის დაიმსახურეს, რომელსაც  აფხაზეთში დაღუპული ცნობილი მხატვრის ვალერი არქანიას სახელი დაერქვა.

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions