აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ოფიციალური მოწვევით იმყოფებოდა აშშ-ში და მონაწილეობა მიიღო გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ ახალგაზრდულ ასამბლეაში. დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის ეგიდით საქართველოდან წარგზავნილი დელეგაციის შემადგენლობაში იყო 27 ადამიანი, საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიის მსმენელები და შერჩეული ახალგაზრდები 16-დან 25 წლამდე, რომელთა შორის იყვნენ დევნილებიც. ბატონ ე.გვაზავას შეხვედრები ჰქონდა გაეროს საქართველოს მისიაში, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან, ამერიკის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში ახალგაზრდების სტაჟირებების პროგრამების (Washington Scholarship Program) ხელმძღვანელთან.
აშშ-ში ვიზიტის შესახებ საუბრობს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა:
”გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა ყოველწლიურად იმართება ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში და მას ესწრებიან მსოფლიოდან მოწვეული ლიდერი ახალგაზრდები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და აკადემიკოსები. არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“, რომელიც არის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი ამ ღონისძიების, არაერთი წელია აქტიურად თანაშრომლობს და ერთობლივ პროექტებს ახორცილებს აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების თანადგომით აშშ-ში გაეროს ეგიდით. წელს ქართველმა ახალგაზრდებმა წარადგინეს სარეზოლუციო პროექტები უპოვარ და მიუსაფარ ბავშვთა განათლების შესახებ. აქტიური მონაწილეობა მიიღეს სესიებსა და დისკუსიებში დევნილი ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე ახალგაზრდების ჩართულობის როლზე კონფლიქტის დარეგულირების პროცესში. გამოიკვეთა იდეა, რომ ჩამოყალიბდეს ახალგაზრდული ორგანიზიაცია (ალიანსი), რომელიც გააერთიანებს ახალგაზრდებს და კონკრეტული ინიციატივების სახით წვლილს შეიტანს მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში.
ასამბლეის დასრულების შემდეგ გვიმასპინძლა კოლუმბიის უნივერსიტეტმა, სადაც ტარდებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიება, რომელზეც სტუდენტებმა წარმოადგინეს თავიანთი ქვეყნის კულტურა. გაიმართა პროგრამის ფარგლებში ორგანიზებული შეხვედრები აშშ-ს სხვადასხვა უწყებაში, სადაც საუბარი შედგა დევნილთა პრობლემატიკისა და სოციალური საკითხების შესახებ. გვქონდა საინტერესო შეხვედრები გაეროში გერმანიის და რუმინეთის, ასევე საქართველოს წარმომადგენლობებში.
შეხვედრა გაიმართა გაეროს საქართველოს მისიაში, სადაც მიღწეული იქნა შეთანხმება გაეროში პარალელური ღონისძიებების ორგანიზების თაობაზე აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით.
აშშ-ში ჩვენი ვიზიტის უმთავრესი ნაწილი იყო შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სამხრეთ კავკასიის საკითხებში კოორდინატორებთან, საქართველოს დესკ-ოფიცრებთან გრეგ მეიერთან და კარსონ რელიც როქერთან. შეხვედრაზე მოხდა ინფორმაციის გაცვლა, ვისაუბრეთ აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ, ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობაზე, დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე. ბატონი მეიერი კარგად იცნობს საქართველოს და მიესალმება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს, თუმცა კონსტიტუციურ ხარვეზად ჩათვალა, როდესაც გაიგო, რომ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები არ არიან საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში, უშიშროების საბჭოსა და პატიმართა შეწყალების კომისიებში. მისი აზრით, ამ კუთხით ფედერალური პოლიტიკა რეგიონების მიმართ საჭიროებს დახვეწას, კერძოდ, სასურველია დევნილი ხელისუფლების უფრო აქტიური მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად.
ვისაუბრეთ ასევე მეზობელ რუსეთთან არსებულ ჩვენს პოლიტიკურ პრობლემებზე. ბატონმა მეიერმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტებთან მიმართებაში აშშ გაწონასწორებულ, შედარებით რბილ საგარეო პოლიტიკურ კურსს აწარმოებს, თუმცა უკრაინის კრიზისის უკიდურესად დაძაბვის გამო იძულებული გახდნენ ეკონომიკური სანქციებით ეპასუხათ, რაზეც მე განვაცხადე, რომ აფხაზეთში 90-იან წლებში, შემდეგ 2008 წლის აგვისტოში, ასევე ჩეჩნეთში განხორციელებული სასტიკი ეთნოწმენდების ავტორის - რუსეთის ”დაუსჯელობის” შედეგია დღეს უკრაინაში არსებული სამხედრო დაპირისპირების ესკალაცია. მისი აზრით, ზოგადად მთელს მსოფლიოში არის რთული, დაძაბული ვითარება, ამიტომაც საჭიროა პოლიტიკურად დაბალანსებული და მდგრადი კურსის გაგრძელება.
მე ვიტყოდი, რომ ასეთი დონის პოლიტიკური შეხვედრა აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ისტორიაში ბოლო ათწლეულის მანძილზე არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ მისი ორგანიზება მოხერხდა არა საქართველოს ფედერალური ხელისუფლების, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციის შუამდგომლობით. სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობები წარიმართება უშუალოდ დეპარტამენტის წარმომადგენლებთან პირადი კონტაქტის საფუძველზე. ვაპირებთ მივაწოდოთ ჩვენი კონცეფცია აფხაზეთის პრობლემის მოგვარების საკითხთან მიმართებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ვისაუბრეთ ერთობლივი პროექტების განხორციელების აუცილებლობაზე, დავგეგმეთ ნოემბერში მორიგი შეხვედრა უფრო გაფართოებულ ფორმატში.
ვიზიტის ფარგლებში გვქონდა ასევე შეხვედრა აშშ-ში საქართველოს ელჩის მოადგილესთან ბატონ გიორგი ხელაშვილთან. სხვათა შორის, მისალოცია, რომ საქართველოს საელჩომ შეიძინა სოლიდური შენობა პრესტიჟულ ადგილას. საელჩოში ჩვენ გავეცანით ახალგაზრდა ნიჭიერ და კომპეტენტურ დიპლომატებს, რომლებიც საქართველოს ინტერესებს კვალიფიციურად ემსახურებიან.