22 წლის წინ ქართველმა მებრძოლებმა მტერს ძლიერი მარცხი განაცდევინეს



22 წლის წინ, 1993 წლის 15 მარტს, გამთენიისას დაიწყო რუსეთის გენერალურ შტაბში დაგეგმილი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება სოხუმზე, რომელშიც რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილები, სამხედრო ავიაცია და არტილერია მონაწილეობდა.

რუსეთის ფედერაციის მოიერიშე თვითმფრინავების მიერ მასირებულად იბომბებოდა ქალაქი, მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართული მხარის პოზიციები. რუსეთის გენერალურ შტაბში დარწმუნებული იყვნენ, რომ წინასწარ სერიოზულად მომზადებულ შემოტევას ქართული მხარე ვერ გაუმკლავდებოდა და სოხუმი დაეცემოდა, მაგრამ მოხდა პირიქით.

ქ. სოხუმის დაცვის დროს ქართველმა ჯარისკაცებმა, არტილერიამ და ადგილობრივმა მოსახლეობამ არნახული გმირობა და თავდადება გამოავლინეს და 16 მარტის გამთენიისას კონტრშეტევაზე გადავიდნენ. შედეგად მოწინააღმდეგემ უკან დაიხია და ბრძოლის ველზე ასობით დაღუპული მებრძოლის გვამი დატოვა, რომელთა უმეტესობა რუსი სამხედროები იყვნენ. დიდი მსხვერპლი იყო სეპარატისტთა შორისაც. მარტის იმ დღეებში მტრის მოგერიებას და საქართველოს ინტერესების დაცვას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა.

დღეს აფხაზეთის ავტონომიურის რესპუბლიკის საზოგადოების წარმომადგენლებმა, ვეტერანებმა, უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი თავისუფლების მოედანზე და სკულპტურული მემორიალი ,,ერთიანი საქართველოსთვის'' გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, სამშობლოსათვის თავგანწირულთა ხსოვნა უკვდავია, მაგრამ მათი გმირობის პროპაგანდა ყოველდღიური ზრუნვის საგანი უნდა იყოს ხელისუფლების თითოელი წევრისა და ყველა მოქალაქისათვის.


 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions