წიგნის ”აფხაზეთის/საქართველო ტრაგედია საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე” პრეზენტაცია


წიგნის წარდგენის ღონისძიებაში მონაწილებდნენ საქართველოში უკრაინის, რუმინეთის, იტალიის საელჩოების წარმომადგენლები, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრები, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები.

გამოცემაზე ისაუბრეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა - ლევან ალექსიძემ, მარიკა ლორთქიფანიძემ, როინ მეტრეველმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი მერაბ ტურავამ  და სხვებმა.


წიგნი საინტერესო მასალას წარმოადგენს ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია აფხაზეთის ტრაგედიით. ამჯერად გამოიცა ინგლისურ ენაზე და გათვალისწინებულია მისი გავრცელება სხვადასხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. უახლოეს მომავალში იგეგმება მისი ქართულ და რუსულ ენებზე გამოცემა.



წიგნის შესავალში ”აფხაზეთის/საქართველო ტრაგედია - ჰოლოკოსტი #2 გრძელდება”, პირველ ნაწილში ”ისტორიული მიმოხილვა და გენოციდისა და ეთნიკური წმენდის რუსული პოლიტიკა”, რომლის ავტორია პროფესორი ჯემალ გამახარია, მკითხველს შეუძლია გაეცნოს აფხაზეთის მოკლე პოლიტიკურ ისტორიას უძველესი დროიდან, რომლის გაყალბებასაც რუსეთი პერმანენტულად ახორციელებდა. ასევე მიმოხილულია 1992-93 წლების ომამდე და შემდგომ პერიოდში აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური პროცესები და იქ დატრიალებული ჰუმანიტარული კატასტროფა.


მეორე ნაწილში - ”1992-1993 წლებში შეიარაღებული კონფლიქტის დროს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი გენოციდის სამართლებრივი ანალიზი” - განხილულია აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს და მისი დასრულების შემდეგომ ჩადენილი საერთაშორისო სისხლის სამართლის ხასიათის დანაშაულებები, ასევე ის პოლიტიკურ-სიციალური კონტექსტი, რომელიც წინ უძღოდა შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას. მისი ავტორია ჰააგის სასამართლოს თანამშრომელი თამარ ჯაფარიძე.


წიგნის მესამე ნაწილი - ”აფხაზეთში განხორციელებული გენოციდის ფსიქოლოგიური ანალიზი” მოამზადა ქეთევან ჩიგოგიძემ.


მეოთხე ნაწილში გამოქვეყნებულია ”გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა სახელობითი სია” აფხაზეთის ქალაქებისა და სოფლების მიხედვით. მასში შეტანილია მონაცემები ოკუპანტებისა და სეპარატისტების მიერ უმოწყალოდ დახოცილ 5 ათასამდე მშვიდობიან მოქალაქეზე და 400 უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანზე. წიგნში შეტანილი ყოველი ფაქტი გადამოწმებულია, შეჯერებულია საქართველოს მთავარი პროკურატურის მასალებთან.

როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, აფხაზეთში ძალადობის მსხვერპლთა სია ადრეც გამოქვეყნდა.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ აღნიშნა, რომ ”აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია არის ქართველი ერის გენოციდი და მისი წაყრუების თუ დავიწყების უფლება არავის არა აქვს. წიგნში მოყვანილ ფაქტებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს საერთაშორისო  რეზონანსი და ჩვენ ამისთვის ყველა საშუალებას გამოვიყენებთ.”


აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიას თქმით, ”დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული 5 ათასამდე კონკრეტული ფაქტი არის 5 ათასამდე ბრალდება რუსეთის ფედერაციის აგრესიული, არაადამიანური, დანაშაულებრივი პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც იგი საქართველოს მიმართ ახორციელებდა და დღესაც ახორცილებს. ეს არის ჰოლოკოსტი 2, ოღონდ განსხვავება ქართულ და ებრაულ ჰოლოკოსტს შორის იმაში მდგომარეობს, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებასთან ერთად ებრაული ჰოლოკოსტიც სამუდამოდ დასრულდა და სასტიკად დაგმო მთელმა ცივილიზებულმა კაცობრიობამ. ადამიანურობის წინააღმდეგ აფხაზეთში ჩადენილ დანაშაულს ვადა არ გააჩნია. ამიტომაც, ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე წიგნი მსოფლიო საზოგადოებას, პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, აკადემიურ წრეებს, საერთაშორისო სისხლის სამართლის სპეციალისტებს, ადამიანის უფლებათა დამცველებს დაეხმარება აფხაზეთის ტრაგედიის უკეთესად გაცნობიერებაში, მის სწორ პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებაში. უნდა გაირღვეს ყველანაირი დაბრკოლება და აფხაზეთის ტრაგედია განხილული იქნას საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე.”














































































































Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions