სტუდენტთა საერთაშორისო დღე

 

17 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ   სტუდენტებს.

 

უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ საზეიმო შეხვედრას, რომელსაც უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად ატარებს „მაგთი-ჯაზ-კლუბში“, ესწრებოდნენ ქ. თბილისის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები ირაკლი ლექვინაძე, პაატა ჯაჭვლიანი, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში თეიმურაზ ქირიმოვი, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, პროფესორ-მასწავლებლები.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის სიგელით, მადლობის წერილით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდა 75 სტუდენტი. საპატიო სიგელით ასევე დაჯილდოვდნენ უმაღლესი სასწავლებლების რექტორებიც აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტებისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული მზრუნველობისა და თანადგომისთვის, საღამოსთვის საგანგებოდ მოწვეული ჯგუფის ”ქუჩის ბიჭები” წევრები.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ  სტუდენტებს მიმართა:

 

”ბევრმა თქვენგანმა შეიძლება არ იცის ამ დღესასწაულის დაწესების ისტორია. 1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს. ფაშისტებმა დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. ოკუპანტებმა დააპატიმრეს ათობით სტუდენტი. 17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს. ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო. პრაღაში 1969 წელს იან სტუდენტმა თავი დაიწვა. მას 16 სტუდენტმა მიბაძა. მსგავსი მაგალითები მსოფლიო ისტორიაში ბევრია.


სამწუხაროდ, აფხაზეთის ომს 60-მდე სტუდენტის სიცოცხლე შეეწირა. ეს პატარა საქართველოს კიდევ უფრო პატარა კუთხისთვის დიდი მსხვერპლია. მინდა გისურვოთ მშვიდობა, ერთობა და აფხაზეთში დაბრუნება, რომ კვალიფიციურად დაუფლებული ცოდნით აფხაზ თანატოლებთან ერთად იზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკას განვითარებასა და სამშობლოს აღორძინებაზე. ”













































































































































 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions