ერთობლივი სხდომა საქართველოს პარლამენტში

 

 

2016 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საგარეო ურთიერთობათა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დადიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელზეც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. სხდომა გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის ინიციატივით.

 

 

რეკომენდაციები

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების და მშობლიური ენის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ


საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე,  ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა უხეში დარღვევის, მათ შორის და განსაკუთრებით, გალის რაიონში, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის და სკოლებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით.

 

ოკუპირებულ აფხაზეთში, დაწყებული წინა საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, მთელი ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ, დაუფარავად ირღვევა ადამიანის ყველა უფლება, დაწყებული სიცოცხლის უფლებით და დამთავრებული გადაადგილების თავისუფლებით. ბოლო წლებში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში უხეშად არღვევს მშობლიური ენის შესახებ არამხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს, არამედ საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოთხოვნებს. თუკი წინა წლებში გალის რაიონის 31 სკოლაში მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იყო ქართულ ენაზე სწავლება, ამჟამად ამ სკოლებში, ფაქტობრივად, ქართული ენა გამოდევნილია სასწავლო პროცესიდან და გალელი მოსწავლეებისთვის მშობლიური ენა დაყვანილ იქნა დაწყებით კლასებში ერთ-ერთ რიგით საგნამდე.

 

რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, მიუხედავად ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში დარჩენილი მოსახლეობის საყოველთაო პროტესტისა, ცდილობს აფხაზეთიდან გააძევოს ქართული ენა.  ეს არის იმ დანაშაულებრივი პოლიტიკის გაგრძელება, რომლის შედეგად ასეულობით ათასი ადამიანი დევნილად იქცა და დღემდე ვერ უბრუნდება თავის სახლ-კარს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მიზანმიმართულად იშლება, ქრება ქართველი და აფხაზი ხალხის მიერ საუკუნეების მანძილზე ერთად შექმნილი სულიერი ღირებულებები, ერთობლივი ისტორიულ-კულტურული ტრადიციები.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აფხაზეთში, 2015 წლის სექტემბრიდან, მიმდინარეობს სასწავლო პროცესში უხეში ჩარევა და ქართული ენის რუსული ენით ჩანაცვლება.  ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე განათლების სფეროში მიღებული გადაწყვეტილებები დისკრიმინაციულ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და არა ბავშვების მიერ უკეთესი განათლების მიღებისკენ მისწრაფებას ან იქაური მოსახლეობის ნებას და ინტერესებს.

 

კომისიამ არაერთგზის იმსჯელა ამ საკითხზე, ბოლოს 2014 წლის 19 თებერვალს. შემუშავდა და ეტაპობრივად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. საქართველოს მთავრობა წლებია კონფლიქტის ზონის პედაგოგთათვის ახორციელებს ყოველწლიური დახმარების პროგრამას, მათ შორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო- პროგრამებს, რომლებიც მორგებული და ხელმისაწვდომია ოკუპირებული აფხაზეთის მასწავლებელთა და მოსწავლეთათვის; მიზნობრივი დანიშნულებით მომზადდა აფხაზური ენის, როგორც საქართველოს კონსტიტუციური ენის, სტანდარტული პროგრამები. თუმცა, ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება ქართული ენაზე სწავლების მხრივ კიდევ უფრო გაუარესდა. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რომელიც ამ ვითარების შეცვლისკენ არის მიმართული, ნაკლებეფექტიანია.

 

სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი. აფხაზეთის მთავრობიდან თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და სხვა.

 

 

 

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions