2016 წლის 20-24 ივნისს გერმანიის ფერედაციულ რესპუბლიკაში შედგა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ჯემალ გამახარიასა და დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის ვიზიტი, რომლის მიზანი იყო აფხაზეთის პრობლემატიკაზე გერმანულ - ინგლისურ ენებზე გამოცემული წიგნების პრეზენტაცია და რომელსაც ორგანიზება გაუკეთა გერმანიაში საქართველოს საელჩომ.
პრეზენტაცია ჩატარდა 21 ივნისს. მას ესწრებოდნენ გერმანიის ბუნდესტაგის, სამეცნიერო წრეების, გერმანიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ბერლინის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი დოქტორანტები და მაგისტრები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ და საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ზურაბ ხამაშურიძემ, რომელიც პრეზენტაციასაც უძღვებოდა.
წარმოდგენილი იყო წიგნები: “Abchasian/Georgien: Geschichte, Politik, Kultrur” (ავტორები - ჯემალ გამახარია და ლია ახალაძე, რედაქტორი - ნუგზარ მგალობლიშვილი) და “International Society To Bring a Verdict On The Tragedy of Abkhazia Georgia” (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ჯემალ გამახარია). დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ჯემალ გამახარიამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ბერგდორფის ფონდის კავკასიური პროექტების ხელმძღვანელმა, კონფლიქტოლოგმა ოლივერ ვოლლემ, საქართველო-რუსეთის ურთიერთობათა მკვლევარმა,
ამ თემაზე საინტერესო წიგნის ავტორმა ფილიპ ამონმა და სხვებმა.
პრეზენტაციაზე დაისვა მრავალი შეკითხვა აფხაზეთში ამჟამად არსებული ვითარებისა და კონფლიქტის მოგვარების გზების შესახებ. დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გაიცა.
დისკუსიის მონაწილეებს პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნების გარდა საჩუქრად გადაეცათ ქართულ-ინგლისურ ენებზე გამოცემული ალბომი „აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“ (პროექტის ავტორი და რედაქტორი ნ.მგალობლიშვილი), რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
22 - 23 ივნისს შედგა შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან, აფხაზეთიდან დევნილებთან. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო შეხვედრა გერმანიაში მოღვაწე ჩვენს თანამემამულესთან, ცნობილ მხატვართან ანდრო ვეკუასთან მისსავე სახელოსნოში. საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნები და ალბომი ვრცელდება გერმანიის სხვადასხვა ბიბლიოთეკებში, უნივერსიტეტებსა და ანალიტიკურ ცენტრებში.