აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო

 

აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია მიიღო აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია (H.Res. 660) მიიღო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

 

უწყების ინფორმაციით, მომდევნო ეტაპზე რეზოლუციას კენჭს უყრიან 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონგრესის პლენარულ სხდომაზე, სადაც კონგრესმენთა უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში, რეზოლუცია საბოლოო სახით დამტკიცდება.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტედ პოსა (რ-ტეხასი) და ჯერალდ კონოლის (დ-ვირჯინია) მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი რეზოლუცია ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს. საერთო ჯამში, რეზოლუციას ჰყავს 31 თანასპონსორი - წარმომადგენელთა პალატის როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი წევრები.

 

”რეზოლუცია აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოსადმი და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი მრავალი წლის განმავლობაში გაწეული თანადგომის უმნიშვნელოვანესი გამოხატულებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოსადმი აშშ-ის პოლიტიკური მხარდაჭერის მაღალ დონეს. რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ს მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი მხარდაჭერისაკენ და არაღიარების იმგვარი პოლიტიკის გატარებისაკენ, რომლის მსგავსიც წარმატებით განხორციელდა ბალტიის ქვეყნების - ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის შემთხვევაში. საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაციის დღიდან ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობდა მათ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებად”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საგარეო უწყების ინფორმაციით, რეზოლუციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები, ნებისმიერი გარემოების მიუხედავად, არ ცნობს რუსეთის დე-იურე და დე-ფაქტო კონტროლს საქართველოს შემადგენელ რომელიმე ნაწილზე, მის საჰაერო სივრცესა და ტერიტორიულ წყლებზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე.

 

”რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციასა და მისი ტერიტორიის ოკუპაციას; ასევე ოკუპირებული ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებს. მოუწოდებს რუსეთს, რომ გაიწვიოს საქართველოს ტერიტორიების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება და უარი თქვას მის მიერ წარმოებულ ქმედებებსა და პოლიტიკაზე, რომლებიც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რეზოლუცია ასევე მოუწოდებს რუსეთს, რომ გადადგას ნაბიჯები ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმების ყველა პირობის შესასრულებლად”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რეზოლუცია ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების ფარგლებში ძირითად საკითხებზე პროგრესის მიღწევის საჭიროებას.

 

”რეზოლუცია მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას, რომ გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ყველა სფეროში, მათ შორის, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. იგი ასევე მოუწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციას გააძლიეროს საქართველოს უსაფრთხოება ერთობლივი სამხედრო წვრთნებისა და საქართველოსთვის თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდების გზით. აღნიშნული ნაბიჯები ხელს შეუწყობს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერებას. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესშია, რადგან იგი ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას”, - ნათქვამია განცხადებაში. Ipn.ge, 15.07.16



Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions