თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა


ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ლიტერატურისა და ხელოვნების შემოქმედებითმა კავშირმა, საერთაშორისო ლაბორტორია „CYLAND"-მა და არტცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" თანამედროვე ხელოვნების გამოფენა - „სფუმატო" მოაწყო.


მედია არტ ლაბორატორია „CYLAND" არის სამხატვრო ლაბორატორია, რომელმაც გააერთიანა მხატვრები, კრიტიკოსები, კურატორები, პროგრამისტები, ინჟინრები და მედია-აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. „CYLAND"-მა „სფუმატო"-ს გამოფენაზე ელენა გუბანოვას, ივან გოვორკოვის, ალექსანდრა დემენტევას, ლუდმილა ბელოვას, ანნა ფრანცის, ალექსანდრ ტერებენინის, ალექსანდრ შიშკინ-ხოკუსაის, სერგეი კომაროვის და ალექსეი გრაჩოვის ინსტალაციები წარმოადგინა.


არტ-ცენტრმა „ПУШКИНСКАЯ-10" ექსპოზიციაზე ცნობილი პეტერბურგელი მხატვრებისა და ფოტოგრაფების ნამუშევრები გამოფინა, რომლებიც ექსპერიმენტებს ატარებენ ფოტოგრაფიის ანალოგურ და ციფრულ შესაძლებლობებში. ფოტოგრაფია, როგორც რეალობის ფიქსაცია ფიზიკური და ქიმიური პროცესების დახმარებით ახდენს რეალობის ტრანსფორმაციას და ჩვენს თვალწინ ირაციონალური, პარალელური სივრცე წარმოიშვება. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ანდრეი ჩეჟინის, ბორის სმელოვის, ალექსანდრე რეცის, ალექსანდრე სოკოლოვის, სერგეი ფალინის, სერგეი კოვალსკის, ანდრეი (ვილი) უსოვის ნამუშევრები.


გამოფენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


როგორც გამოფენის ერთ–ერთმა ინიციატორმა, ცნობილმა მხატვარმა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ნუგზარ მგალობლიშვილმა აღნიშნა, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში წარმოდგენილი სიახლე ძალზედ საინტერესო შთაბეჭდილებით დატვირთავს თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულ დამთვალიერებელს.


თანამედროვე ხელოვნებით დაინტერესებულთ ლაბორატორია „CYLAND"-ისა და არტცენტრ „ПУШКИНСКАЯ-10"–ის ნამუშევრების ნახვა 20 ოქტომბრამდე შეეძლებათ.




















Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions