23 წლის წინ დაეცა სოხუმი

 

მიუხედავად ჯვართამაღლების დღესასწაულისა,  ”27 სექტემბერი” რჩება  უდიდეს ტრაგედიად საქართველოს უახლეს ისტორიაში.

23 წლის წინ, 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 23 წლის წინ გამოდევნეს საქართველოს ერთიანობისათვის თავგანწირული ქართველობა აფხაზეთიდან. 23 წელი გავიდა, რაც   სამშობლოს ერთიანობის დასაცავად განგმირული ჩვენი ბიჭები, მამა-პაპათა მიტოვებული საფლავები ენგურს გაღმა ძირძველ ქართულ მიწაზე ჭირისუფლის გარეშე განისვენებენ. 23 წელია ადგილის დედა გვიხმობს აფხაზეთში, მაგრამ დიდი ჩრდილოელი ოკუპანტის აგრესიული ძალისხმევით და დამნაშავე სეპარატისტული რეჟიმის მხარდაჭერით, აფხაზეთის ქართველობა ჯერჯერობით ენგურისა თუ ფსოუს მისადგომებიდან მშობლიური მიწა-წყლისკენ მხოლოდ ცქერით იკლავს ან პირიქით, კიდევ უფრო იმძაფრებს არაადამიანურ ნოსტალგიას!

და მაინც, შინ დაბრუნების იმედი არ კვდება, ის ცოცხლობს!  ცოცხლობს, რადგან ყველა პატრიოტის გულში, იქნება ის აფხაზეთის  თუ დანარჩენი საქართველოს  მკვიდრი, ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, კანონზომიერების გათვალისწინებით თუ იდუმალი ძალის შემწეობით, მყარად აქვს ფესვი გადგმული  რწმენას, რომ აფხაზეთში დაბრუნება, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, გარდაუვალია.

ეს განწყობა იყო დომინანტი დღესაც, როცა სხვადასხვა სტატუსის მქონე საზოგადოებამ, როგორც ხელისუფლების მაღალი ეშელონების, ასევე ცალკეული ოპოზიციური ძალის წარმომადგენლებმა, რიგითმა ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ყვავილებით ხელში მიაგეს პატივი აფხაზეთში დაღუპულ გმირთა მემორიალს დედაქალაქსა თუ რეგიონებში.

გამონაკლისი არც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წევრები ყოფილან. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ  გმირთა მემორიალის შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ყვავილების გვირგვინით შეამკეს ეროვნული გმირის,  ომის ბოლო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის  ჟიული შარტავას საფლავი.

 

საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions