ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271-ე სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

 

2016 წლის 16 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1271- სხდომაზე განხილულ იქნა გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-14 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიშში სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.

აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც თავის განცხადებაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების შესვლის აუცილებლობას. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ ტერიტორიებზე, როგორც ეს არის განსაზღვრული ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებებით.

მე-14 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.

სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით და მოუწოდა ფაქტობრივი კონტროლის მქონე ძალას, მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება თავისუფალი გადაადგილებისთვის და გამოიძიოს ყველა დანაშაული და ადამიანის უფლებათა დარღვევა ამ ტერიტორიებზე. განცხადებაში ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ლიხტენშტეინი, ისლანდია, მოლდოვას რესპუბლიკა, მონაკო, მონტენეგრო, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია.

სხდომაზე ასევე გაკეთდა განცხადება სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-14 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=09000016806b7e8e

Печать
Председатель
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions