ჩატარდა მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი

აფხაზეთის საზოგადოებისათვის მურად ანჯაფარიძის გარდაცვალება იყო კიდევ ერთი მძიმე ტრავმა, რადგან ის აფხაზეთის ქართველობის ძალიან ნათელ, კოლორიტულ სახეს  წარმოადგენდა.

 

ბატონი მურადი იყო პასუხისმგებლობით, ორგანიზატორული თვისებებით, დახვეწილი შინაგანი კულტურით, ერუდიციით გამორჩეული, კრეატიული იდეების რეალიზების იშვიათი ნიჭით დაჯილდოებული პიროვნება, რომელიც მასზე დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის მაღალ დონეზე ასრულებდა. სწორედ ამით იყო განპირობებული მისი სწრაფი კარიერული სვლა საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო სტრუქტურებში, მაგრამ ფეხბურთისადმი სიყვარულმა ყველაფერი გადაწონა მასში და მურად ანჯაფარიძის სახელი, როგორც ფეხბურთის დიდი მოამაგის, სამარადისოდ შემორჩება შთამომავლობას.

აღსანიშნავია, რომ მურად ანჯაფარიძემ დევნილობის პირველივე წლებში, თბილისში აფხაზეთის ფეხბურთი ააღორძინა და თავად ჩაუდგა სათავეში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციას. ის იყო ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სათავე დაუდო არაერთ საინტერესო საფეხბურთო ტურნირს, მათ შორის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს და ხელი შეუწყო დევნილ ახალგაზრდებში სპორტის ამ სახეობის მაქსიმალურ პოპულარიზაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ, აფხაზეთის მთავრობამ მურად ანჯაფარიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად და ნორჩი ფეხბურთელების სტიმულირების მიზნით, ერთი წლის წინ მისი სახელობის ტურნირი დააწესა.

წელს, 10 ივნისს მურად ანჯაფარიძეს 70 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სსიპ „აფხაზეთის სპორტული მომზადების ცენტრის“ ორგანიზებით, მ.ანჯაფარიძის სახელობის ტურნირი გაიმართა. მართალია, საინტერესო ფინალში აფხაზეთის გუნდმა ვერ მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სხვადასხვა პრიზის მლობელთა შორის იყვნენ აფხაზეთის მკვიდრნიც.

საუკეთესო გუნდებს და გამორჩეულ მოთამაშეებს პრიზები გადასცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, მურად ანჯაფარიძის სახელობის ტურნირის დაწესების ინიციატორმა, აფხაზეთის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო მალანიამ. ფინალში გამარჯვებულის მთავარი პრიზი „ლომებს“ გადასცა ბატონი მურადის შვილიშვილმა ლევან ანჯაფარიძემ.

 

























































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions