აფხაზეთის საუკეთესო მასწავლებელთა დაჯილდოება

აფხაზეთის ა/რ განათლებისა კულტურის სამინისტრომ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო.

 

ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტრომ, განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის ორგანიზებით, აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებსა და აფხაზეთის საჯარო სკოლების წლის საუკეთესო მასწავლებლებს მიღება მოუწყო.

 

შეხვედრის დასაწყისში დამსწრეთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ მანანა ქვაჩახიამ. მან ქვეყნის განვითარებაში ზოგადად პედაგოგების წვლილზე ისაუბრა და კონკრეტულად კი ხაზი გაუსვა აფხაზეთიდან დევნილი პედაგოგების იმ განსაკუთრებულ როლს, რაც მათ დევნილობამ დააკისრა. შეხვედრას უძღვებოდა აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი ნინო ლობჟანიძე.

 

ღონისძიებაზე მიწვეული იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, რომელიც განსაკუთრებული პატივისცემით მიესალმა მოწვეულ სტუმრებს, ხაზი გაუსვა მათი მოღვაწეობის მნიშვნელობას მამულიშვილური სულისკვეთებით თაობების აღზრდის საქმეში: „უმაღლესი საბჭოს სურვილია - ჰქონდეს მუდმივი თანამშრომლობა თქვენთან, ჩვენი დევნილი საზოგადოების ელიტარულ, ინტელექტუალურ ნაწილთან, რათა ერთობლივად ვიმსჯელოთ არა მხოლოდ განათლების საკითხებზე, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ჩვენს წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემაზე, რომელსაც აფხაზეთში დაბრუნება ჰქვია“, - მიმართა ღვაწლმოსილ პედაგოგებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

 

ბატონმა ჯემალ გამახარიამ უმაღლესი საბჭოს სიგელი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის გადასცა თბილისის №137 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელს ნანი ჯიჯელავას. სამინისტროს შესაბამისი სიგელები და საჩუქრები გადაეცათ აფხაზეთის ღვაწლმოსილ პედაგოგებს: ჟენია გასვიანს, მარო გამყრელიძეს, ვაჟა მარგველანს, რაისა სონგულიას, თინა ყურაშვილსა და ელენე ფხაკაძეს; აფხაზეთის წლის საუკეთესო პედაგოგებს: აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ფოთოლა ბენდელიანს, აფხაზეთის №10 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს სოფიო გოგოხიას; აფხაზეთის №11 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელს ქეთო კახიანს.









ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions