უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა

დღეს, 6 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომას, რომელიც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

დეპუტატებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის პროექტზე  იმსჯელეს. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. ცვლილება ითვალისწინებდა ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტისაგან ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გამოყოფას და მის გადაცემას აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტისათვის.

 

კომიტეტებს შორის ფუნქციათა გადანაწილებასთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია ”მრგვალი მაგიდა - ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავამ, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობის” თავმჯდომარე  რაისა ქარაიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანიამ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე  მურმან კვარაცხელიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე  ნუგზარ მგალობლიშვილმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ რეგლამენტის წარმოდგენილ პროექტს  დეპუტატებმა  მხარი დაუჭირეს და ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცეს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions