როგორც გამახარიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი ჟენევის ფორმატში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, ეს მათ უფრო დააზიანებს, ვიდრე ზოგადად პროცესს.
“ეს თემა დიდი ხანია მუსირებს. მას შემდეგ, რაც შვეიცარიამ უკრაინაში რუსეთის ანექსია დაგმო, რუსეთმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ამიერიდან შვეიცარია ნეიტრალური ქვეყანა არ არის და ჟენევის პროცესი ან მინსკში, ან ბაქოში უნდა გადავიდესო. ახლა შვეიცარიაში 20 ქვეყნის, ევროპული სახელმწიფოების თათბირი ტარდება, რომლებიც უკრაინის დახმარების და მშვიდობის დამყარების საკითხებს განიხილავენ. ეს განცხადება ზუსტად ამას უკავშირდება. რუსეთის აზრით, შვეიცარიამ ნეიტრალურ სტატუსზე, თუნდაც რუსეთთან მიმართებით საბოლოოდ უარი თქვა. რუსეთი აცხადებს, ეს პროცესი სხვაგან უნდა გადავიდესო. ამას არც მაშინ დაუჭირა ვინმემ მხარი, არც დღეს დაუჭერს. რუსეთი და აფხაზური მხარე ჟენევის პროცესში მონაწილეობით ძალიან არიან დაინტერესებულები. თუ ისინი ამ პროცესში მონაწილეობაზე უარს იტყვიან, ეს მათ უფრო დააზიანებს, ვიდრე ზოგადად პროცესს. ჩვენ ამ პროცესისგან ვერაფერი მიგვიღია, აფხაზურმა მხარემ რაღაც-რაღაცები მიიღო, თუნდაც ის, რომ ასეთი დონის მოლაპარაკებაში მონაწილეობს. ეს მათთვის დიდი მიღწევაა. არა მგონია, ჟენევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვან. მინსკით ჟენევის ჩანაცვლება, ცოტა არ იყოს არასერიოზულია, ბაქომ არ მგონია, ამასთან დაკავშირებით მზადყოფნა განაცხადოს, თუნდაც საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში. 27.02.2024 წ.
https://youtu.be/P9fRcLJOmHY