რუსთაველის თეატრში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

 

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი, სვიმონ კანანელის ხსენების დღე, აფხაზეთის დღედ დადგინდა. ამასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დიდ დარბაზში აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

საღამოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, საზოგადო მოღვაწეები და აფხაზეთიდან დევნილები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიებაში გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „აფხაზეთი", „ქართული ხმები", საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები - მარიკა გულორდავა და სალომე ჯიქია, მომღერლები ირმა სოხაძე და მაია ჯაბუა, საქართველოს სახალხო არტისტი დიმიტრი ჯაიანი და მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე მონაწილეობდნენ.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ქალაქ თბილისის მერს დავით ნარმანიას და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სპეციალური საჩუქარი გადასცა.

 

საღამოზე აფხაზეთიდან დევნილი, თავის პროფესიაში გამორჩეული და წარმატებული  ადამიანების დაჯილდოება გაიმართა. წარმატებული ადამიანების გამოსავლენად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ გამოკითხვა სოციალურ ქსელის მეშვეობით ჩაატარა. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ:

 

შემოქმედების დარგში ყველაზე აღიარებული პიროვნება - გენო კალანდია. გამოჩენილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, შოთა რუსთაველის, საქართველოს სახელმწიფო, ილია ჭავჭავაძისა და გიორგი შარვაშიძის პრემიების ლაურეატი.

 

საუკეთესო სპორტსმენი - ირმა ხეცურიანი. მსოფლიოს ჩემპიონი ფარიკაობაში,მსოფლიო თასის მფლობელი ფარიკაობაში, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი, რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების მონაწილე.

 

წარმატებული ექიმი - რეზო სულუხია. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

 

საუკეთესო მასწავლებელი - აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთ-ერთი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.


საუკეთესო ფერმერი - ედიშერ გულბანი.


აგრეთვე თეატრის ჰოლში აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების, ხელნაწერების, აფხაზეთის საგამომცემლო ცენტრის მიერ გამოცემული წიგნებისა და ჟურნალების გამოფენა მოეწყო.

 

 

 

 

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions