საქართველოს მთავრობა
სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ
ჩართულობა თანამშრომლობის გზით
პრეამბულა
საქართველოს სახელმწიფოებრივი მიზანია ისეთი მომავლის უზრუნველყოფა, როდესაც ქვეყნის ყველა მოქალაქე ისარგებლებს დემოკრატიული მმართველობის პრივილეგიებით, მსოფლიოში ინტეგრირებული, განვითარებული ეკონომიკით და იცხოვრებს ტოლერანტულ, მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებაში. ეს მიდგომა ეფუძნება ყველა ევროპული ერის მიერ გაზიარებულ საერთო პრინციპებს და ღირებულებებს, რომლებიც აისახა ჰელსინკის საბოლოო აქტში.
საქართველოს მთავრობა ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლობისათვის მისაწვდომი გახადოს ყველა ის სარგებელი, რაც მოაქვს სახელმწიფოში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესს და ქვეყნის უფრო ღრმა ინტეგრაციას ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა თუ ინსტიტუტებში. საქართველოს მთავრობა დარწმუნებულია, რომ ამ ინსტიტუციებთან ინტეგრაცია, მის მრავალეთნიკურ და კულტურულად მრავალფეროვან საზოგადოებას კეთილდღეობისა და უსაფრთხოების კიდევ უფრო მყარ გარანტიებს შეუქმნის.
წინამდებარე ჩართულობის პოლიტიკის მიზანია, გააძლიეროს და ხელი შეუწყოს საქართველოს ხელისუფლებისა და ხალხის ერთობლივ ძალისხმევას ზემოაღნიშნული მიზნის მისაღწევად.
სტრატეგია გამოხატავს საქართველოს ურყევ გადაწყვეტილებას მიაღწიოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის სრული დეოკუპაცია, შეაქციოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი და მშვიდობიანი გზით მოახდინოს ამ ტერიტორიებისა და მოსახლეობის რეინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში. საქართველოს ხელისუფლება მიისწრაფვის მიაღწიოს დასახულ მიზნებს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური გზებით. იგი გამორიცხავს სამხედრო გზით კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას. ყველა ეს მცდელობა თანხვედრაშია საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკასთან, რომელიც არ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის /სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს საქართველოს ინიციატივას გაატაროს ჩართულობის პოლიტიკა.