თურქეთის ელჩის ვიზიტი აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში


თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი მოადგილესთან, ონურ სევიმთან ერთად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს  სტუმრობდა.



შეხვედრას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა. გულღია და  საინტერესო დიალოგში მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა.

 

ბატონმა ელგუჯა გვაზავამ ქალბატონ ელჩს და მის მოადგილეს გააცნო აფხაზეთის კონფლიქტის გენეზისი, მის ინსპირაციასთან დაკავშირებით ჩრდილოელი მეზობლის  გეგმები. ამასთან მოკლე მონახაზიც გააკეთა იმის შესახებ, თუ როგორ დათმობებზე მიდიოდა საქართველოს ხელისუფლება და აფხაზეთის ქართველობა აფხაზეთის ძირძველ ქართულ მხარეში დაპირისპირებისა და კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, აფხაზი ეთნოსის ინტერესების დასაკმაყოფილებლად და უმცირესობისათვის უპირატესობის მისანიჭებლად. „აღნიშნულმა ჰუმანურმა მიდგომამ შედეგი ვერ გამოიღო და აღმოჩნდა, რომ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის სამხედრო ძალების ჩარევის შედეგად, აფხაზეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა - ქართველები და სეპარატისტთა უკანონო ქმედებებს დაპირისპირებული არაქართველებიც საკუთარი მიწა-წყლიდან იარაღის ძალით იქნა განდევნილი ავტონომიური რესპუბლიკის კანონიერ ხელისუფლებასთან ერთად,“ -აღნიშნა ბატონმა ელგუჯა გვაზავამ.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დაასაბუთა ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ლეგიტიმურობა, მისი ფუნქციონირების აუცილებლობა. საუბარი შეეხო ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებებში აფხაზეთის დევნილი მთავრობის  ხელმძღვანელის მონაწილეობის მნიშვნელობას.


ქართულ-თურქული მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ, ამასთან გაიხსენა თურქეთის აფხაზური დიასპორის მოქალაქეების მონაწილეობა ქართველთა წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზი სეპარატისტების თვალშისაცემი აქტიურობა თურქეთის რესპუბლიკაში, შეფუთული კერძო პირთა ურთიერთობით, რაც აშკარა გულისწყვეტას იწვევდა საქართველოს მოსახლეობაში, მისასალმებელია, რომ ბოლო დროს შენელებულია. ბატონმა დავით გვაძაბიამ განსაკუთრებული პატივისცემა გამოხატა ქალბატონი ელჩის მიმართ და სთხოვა მას საკუთარი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის პრობლემის სამართლიანად მოგვარების პროცესში თურქეთის უფრო აქტიურად ჩართვის საქმეში.


ფრაქცია „ახალი აფხაზეთი-სამართლიანობის“თავმჯდომარე რაისა ქარაიამ დიპლომატი ქალბატონისადმი პატივისცემა გამოხატა და გამოთქვა რწმენა, რომ ის საკუთარ წვლილს შეიტანს აფხაზეთის პრობლემის სამართლიანად გადაწყვეტის საქმეში. ამასთან მადლობა გამოთქვა დევნილთა საყოფაცხოვრებო პრობლემების მოსაგვარებლად თურქეთის საელჩოს ტრადიციციული ზრუნვის გამო.


საქართველოში თურქეთის ელჩის, მისი აღმატებულება ფატმა სერენ იაზგანი განცხადებით, ის კარგად იცნობს აფხაზეთის პრობლემას და იცის თურქეთის სახელმწიფოს დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი. „ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს საზღვრების ურღვევობას, რომელშიც შედის აფხაზეთი და ოსეთი; ამ პრობლემის გადაწყვეტა მნიშვნელოვანი მხოლოდ საქართველოსათვის არ არის, ის მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც, რადგან არსებული კონფლიქტი არის რეგიონის პრობლემა და მისი დროული გადაწყვეტა თურქეთის ინტერესებშიც შედის; თურქეთი ყოველთვის მზად არის დახმარება გაუწიოს ქართველებსაც და აფხაზებსაც მათ დასაახლოვებლად, რა თქმა უნდა, ერთიანი საქართველოს ფარგლებში; მშვიდობიანი რეგიონი არის შავი ზღვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საფუძველი“-, აღნიშნა ქალბატონმა ელჩმა.


ბატონმა ელგუჯა გვაზავამ ყურადღება გაამახვილა ყარსის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით რუსეთიდან ბოლო დროს გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ ეს ხელშეკრულება შეიძლება გადაიხედოს და ის ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს! აღნიშნულთან დაკავშირებით, ქალბატონმა ელჩმა,  პირდაპირ და ყოველგვარი დიპლომატიური თავშეკავების გარეშე გააკეთა კომენტარი: „არ დაიჯეროთ, როცა ქართულ-თურქული ურთიერთობის გაფუჭებაზე საუბრობენ! ჩვენ ვართ მეზობლები და ეს არის დიდი განძი. ჩვენ არ გვაქვს არავითარი სურვილი გადავხედოთ ძველ ხელშეკრულებებს, ჩვენ რაც გვაქვს, იმას უნდა გავუფრთხილდეთ. საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი საზღვრების ურღვევობა ჩვენთვის ისეთივე წმინდაა და ხელშეუხებელი, როგორც თურქეთის!“


შეხვედრის დასასრულს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს და მის მოადგილეს სტუმრობისათვის და აფხაზეთის ოკუპაციის, ქართველთა გენოციდის ამსახველი კრებულები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 




















































































































 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions