Error
  • JFTP::write: Bad response
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ სოფელ რუხში გაიმართება

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართება.  

 

დაგეგმილია აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია, ასევე, მასტერკლასები ხატვასა და დიზაინში, სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები.

ღონისძიების ბოლოს ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, აფხაზეთის გოგონათა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „გუმბათი“ და ცნობილი მუსიკოსები.

აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დაწყებისა და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახური შეკრებილ საზოგადოებას დალოცავს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, რუხის სავაჭრო ცენტრი და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა.

აღსანიშნავია, რომ 23 მაისი წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აფხაზეთის დღედ არის გამოცხადებული.

სოფელ რუხში დღეს დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრები, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების პირველი პირები, რომლებიც დევნილთა რამდენიმე კომპაქტურ დასახლებას უკვე ესტუმრნენ და პრინციპული თანადგომა აღუთქვეს მათ წინაშე არსებული სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში.


Print
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions