შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

29 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა გაცნობითი და ურთიერთთანამშრომლობის ხასიათის შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან.


 

შეხვედრას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მედია-მენეჯერებს, სხვადასხვა მედიის ჟურნალისტებსა და უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის საინტერესო დიალოგი შედგა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ ღონისძიების მონაწილეებს გააცნო სამომავლო გეგმები და ხედვები აფხაზეთის თემატიკასთან მიმართებაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან, აღმასრულებელ სტრუქტურებთან ერთობლიობაში შემუშავებული პროექტები, რომლის განხორციელებაშიც უმაღლესი საბჭო ჩაერთვება.

როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, იმდენად, რამდენადაც ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა არის მრავალწახნაგოვანი და ძალიან რთული,  ბრძოლა მათ დასაბრუნებლად უნდა გააქტიურდეს რამდენიმე კუთხით, კერძოდ, შერიგების და ნდობის აღდგენის პოლიტიკის, ეკონომიკური, ადამიანის უფლებების დაცვის და დევნილი საზოგადოების სოციალური პრობლემების დაძლევის მიმართულებებით.

„არსად დედამიწაზე არ ხდება ისეთი დისკრიმინაცია, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. ჩვენ არ უნდა დავკმაყოფილდეთ მხოლოდ რეზოლუციების მიღებით, უნდა ავამოქმედოთ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებიც, მალე შევუდგებით მუშაობას სარჩელებზე და სამართლებრივ ომს გამოვუცხადებთ ოკუპანტებს“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თამაზ ხუბუამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭო მაქსიმალურად არის მოწადინებული ბევრი პრობლემის წინა პლანზე წამოწევით და ჟურნალისტებთან უნისონში მუშაობით.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ აქცენტი  ამ ეტაპზე სახალხო დიპლომატიის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გააკეთა.

უმაღლესი საბჭოს დეოკუპაციის, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის ნუგზარ მგალობლიშვილის თქმით, აუცილებელია ქართული მედიის წარმომადგენლებმა მოახერხონ ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაერთიანება და ამით ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის შესახებ ინფორმაციის უფრო მასშტაბური გავრცელების უზრუნველყოფა.

სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის და დეოკუპაციის კომისიის თავმჯდომარის რუდიკ ცატავას განცხადებით,  ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მედიასთან თანამშრომლობით უნდა მოახერხონ ცენტრალური ხელისუფლების დარწმუნება იმაში, რომ აფხაზეთის პრობლემის გააქტიურება შესაძლებელია არა აფხაზეთის საზოგადოებისგან განცალკევებით, არამედ ერთობლივი ძალისხმევით.

დიალოგში მონაწილე სტუმრებმა კონკრეტული წინადადებები მიაწოდეს მასპინძლებს აფხაზეთის თემატიკის გააქტიურების მიზნით.

ცნობილი ჟურნალისტის თენგიზ პაჭკორიას აზრით, პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ახალი თაობის პოლიტიკოსები დღესდღეობით სათანადოდ  არ იყენებენ 90-იან წლებში საერთაშორისო სამიტებზე მიღებულ რეზოლუციას აფხაზეთში განხორციელებული ეთნოწმენდის შესახებ, სამიტებისა, რომელთა მონაწილე თავად რუსეთის ფედერაციაც იყო. ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხრიდან აქტიური თანამშრომლობა უნდა შედგეს როგორც ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და   საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთანაც.

აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორი ავთანდილ დავითაია შეეხო საინფორმაციო ცენტრის აფხაზურენოვანი მაუწყებლობის მუშაობას, რომელიც ვრცელდება დე-ფაქტო აფხაზეთშიც და რომელმაც უკვე გამოიღო შედეგი აფხაზ თანამემამულეებთან კონტაქტის თვალსაზრისით.

შარვაშიძის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი ნატო კორსანტია თვითკრიტიკული იყო აფხაზეთის საკითხის ნაკლებინფორმირებულობის კუთხით. მან არა ერთი საინტერესო თემა წამოსწია, რომელთა შორის ხაზი გაუსვა გალის რაიონში მიმდინარე ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევების უფრო ფართოდ გაშუქების აუცილებლობას.

„ინტერპრესნიუსის“ პოლიტიკური მიმომხილველის კობა ბენდელიანის თქმით, სანამ აფხაზეთის თემა  ქართულ პოლიტიკურ რუკაზე პირველ ადგილზე არ დაბრუნდება და ამაში რეალურ როლს არ შეასრულებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, ბრძოლა პრობლემის მოგვარებისთვის იქნება არაადეკვატური.

საგულისხმოა, რომ მედია-ჰოლდინგ ტვ-24 დირექტორის მოადგილემ  ბადრი ნაჭყებიამ აფხაზეთის თემატიკის გააქტიურების მხარდაჭერისათვის, აფხაზეთის პრობლემატიკის პოპულარიზაციის და გაშუქების ინტენსიფიცირების მიზნით  საეთერო დრო შესთავაზა დევნილ სახელისუფლებო სტრუქტურებს ტვ-24-სა და რადიო 107,9 -ზე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

შეხვედრის დასასრულს  უმარლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და აქტიური, საქმიანი კომუნიკაციისათვის მზადყოფნა გამოთქვა.






































































































































































































































































































































































































































































































































































































































































Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions