მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილე რუსული დელეგაციის საქართველოს პარლამენტში ვიზიტის შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციასა და რუსთაველის გამზირზე ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ 21 ივნისს “მედიაცენტრ მთავარში” განცხადება გააკეთა.
როგორც ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, ის თავად ესწრებოდა ასამბლეის გახსნის ცერემონიას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 23 ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლების თანდასწრებით თავის აკადემიურ, დიპლომატიურ გამოსვლაში დაუფარავად ამხილა რუსული საოკუპაციო პოლიტიკა.
„როდესაც მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, ყველა კითხვის ნიშანი მოიხსნა. ირაკლი კობახიძემ ყველაფერს დაარქვა თავისი სახელი. მან პირდაპირ თქვა, ძალიან დიპლომატიურად, აკადემიურად რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ვინ არის ოკუპანტი და ამ ქმედებას არაფერი კავშირი არ აქვს ქრისტიანობასთან და მართლმადიდებლობასთან. ანუ იმ რუსულ დელეგაციას უთხრა, რომ თქვენ არანაირი ქრისტიანები და მართლმადიდებლები არ ხართ. ამის მეტი რა უნდა ეთქვა პარლამენტის თავმჯდომარეს? ამის შემდეგ მე არანაირ გართულებას არ მოველოდი იმიტომ, რომ ყველა კითხვის ნიშანი იყო მოხსნილი“ – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არ გამორიცხავს, ის, რაც პარლამენტში შემდგომ მოხდა, სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის გამო განხორციელებული პროვოკაციული ქმედება იყოს - „არ გამოვრიცხავ, ეს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარის წინააღმდეგ და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული აქტი იყოს და პასუხი იმაზე, რაც ირაკლი კობახიძემ ასამბლეაზე განაცხადა“.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გმობს ძალისმიერ ქმედებებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს - „რაც გუშინ მოხდა, უნდა იყოს ძალიან ღრმად და ყოველმხრივ შესწავლილი, უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნები და გადაიდგას მისი შესაბამისი ნაბიჯები.... მინდა მოვუწოდო ყველას - ხელისუფლებას, ოპოზიციასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ოკუპაციის თემა არ გახდეს სასპეკულაციო. ამ საკითხში ყველას გვმართებს აბსულუტური ერთიანობა... გუშინდელ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების მოთხოვნებსა და ხელისუფლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის განსხვავება თითქმის არც ყოფილლა, სრული ერთიანობა დაფიქსირდა, ამიტომაც ძალისმიერი მეთოდებით ბრძოლა ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია“ - აღნიშნა ჯემალ გამახარიამ.