ჯემალ გამახარია: „გარუსება-გააფხაზება გალის რაიონში მოსალოდნელი არ არის“

რამდენადაა შესაძლებელი გალის რაიონში ქართველების გარუსება-გააფხაზება? რამდენ ხანს გასტანს ოკუპაცია? რას ნიშნავს ქართველისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული პასპორტი?

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „ახალი თაობის“ კითხვებს პასუხობს.


 

- ბატონო ჯემალ, ითქვა, რომ აფხაზეთში 400-მა ქართველმა გვარი გადაიკეთა აფხაზურად. ეროვნება რა ჩაიწერა, არ თქმულა. რა პროცესი მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე? არის თუ არა ეს ძალადობრივი პროცესი?

- სამწუხაროდ, ოკუპირებულ აფხაზთში გვარების გადაკეთება ძალადობრივი პროცესია, რომელიც იმ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, რასაც ოკუპანტი ქვეყანა გალის რაიონის ტერიტორიაზე აწარმოებს. ეს არის ადამიანის უფლებების ტოტალური დარღვევა ყველა მიმართულებით, რომლის მიზანია გალის რაიონიდან ლტოლვილი მოსახლეობის განდევნა, ან ასიმილაცია. ამ არჩევანის წინაშე არიან დღეს ქართველები გალის რაიონში.

აფხაზ ეთნოსში უმეტესობა ქართული წარმოშობის გვარებს ატარებს. გალის რაიონში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ აფხაზური წარმოშობის გვარები. ეს ბუნებრივი პროცესია. ამაში ახალი არაფერია. საუკუნეების განმავლობაში ეს თავისთავად ხდებოდა. ამას არიან გამოკიდებული და ასეთი გვარების მატარებელ (მაგალითად, ზუხბაია, აჩაბაძე) ადამიანებს აიძულებენ, რომ გვარები შეიცვალონ.

გვარების შეცვლა თავისთავად მათთვის ეროვნების შეცვლას ნიშნავს, მაგრამ მე ვიცნობ არაერთ ადამიანს, რომელმაც გვარი შეიცვალა, მაგრამ ამითმას ეროვნება არ შეუცვლია. 


- რამდენადაც ვიცი, ანჩაბაძეები აფხაზობენ, როგორ უნდა გადაიკეთონ გვარი? მაგალითად, ანჩაბაძე აფხაზურად როგორ იქნება?

- აჩბა, ან უბრალოდ ჩაწერს, ანჩაბაძე ვარ აფხაზი. თუმცა, პასპორტში ჩანაწერის გაკეთებით, ეროვნების შეცვლა არანაირად არ მოხდება. ეს ხომ არ არის პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო, საუკუნეების განმავლობაში მიდის. ამ ადამიანებს ქართული ცნობიერება აქვთ. მის გადაკეთებას ასევე საუკუნეები სჭირდება. მით უმეტეს, ის გვარები აფხაზურად რომ გადააკეთო, ფაქტობრივად, არაფერს გაძლევს.

აფხაზი არის გარუსებული ადამიანი, რომელსაც აფხაზურ ენაზეც შეუძლია მეტყველება, მაგრამ რუსული ფსიქოლოგიის და რუსული მენტალიტეტისაა. ამიტომ გარუსება-გააფხაზება გალის რაიონში მოსალოდნელი არ არის. შეიძლება ერთეულები, ან ვთქვად, ათეულები ამას დაეთანხმონ და ეროვნებაც შეიცვალონ, მაგრამ მასობრივ ხასიათს ეს არ მიიღებს.


- აბა, სად არის მოსალოდნელი გარუსება, გალის იქით?

- გალის იქით გარუსება მომხდარია, მაგრამ გალის რაიონში ამის გაკეთებას საუკუნეები სჭირდება. ყველა დარწმუნებული ვართ, რომ საუკუნეების განმავლობაში ოკუპაცია ვერ გაგრძელდება და არ გაგრძელდება. იმ ყველაფერს, რაც ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა გააკეთეს, ერთ დღეში ხაზი გადაესმევა. ტყუილად ირჯებიან.

მე მქონდა კომუნიკაცია რამდენიმე პიროვნებასთან, რომელიც იძულებული გახდა, გვარი გადაეკეთებინა. როცა ვეკითხებოდი, ისინი მახსენებდნენ საბჭოთა პერიოდს, როცა პურისა და კარაქის ტალონები იყო. კარაქის ტალონები თქვენ გემახსოვრებად.



- პურის ტალონები არა, მაგრამ კარაქის ტალონები მახსოვს.

-  სწორედ კარაქისა და პურის ტალონია მათთვის ეს ე.წ. აფხაზური პასპორტი, რომელსაც აფხაზეთის ფარგლებს გარეთ არანაირი ძალა არ გააჩნია. ეს ყველაფერი დროებითია და ოკუპაციასთან ერთად დასრულდება.



- ყოველ შემთხვევაში, პროცესი დაწყებულია და ღრმავდება იმის მიხედვით, რა ურთიერთობები ექნება რუსეთს საქართველოსთან. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, გავრილოვის პროვოკაციამ და თანმდევმა მოვლენებმა, როგორც ჩანს, რუსეთი გააღიზიანა და ჩვენთვის მტკივნეული ინფორმაციაც გაავრცელეს. საინტერესოა, 400-მა კაცმა ბოლო 1 თვეში შეიცვალა გვარი?

- ვერ ვიტყვი, რომ რაღაც დიდი პროცესია დაწყებული, რომელსაც რაღაც სერიოზული პროცესები მოჰყვება. აფხაზეთისთვის შეიძლება საუბარი იყოს ერთეულებზე, რომლებმაც გულწრფელად გადაიკეთეს გვარები. ასეთები ერთეულები იქნებიან, მაგრამ 400 კაცი არ იქნება. შარშან საუბარი იყო 30 თუ 35 ადამიანზე. ახლა ამბობენ, 400-მა შეიცვალა და კიდევ 900 განცხადება გვიდევსო, რაც გადაჭარბებულია.

ამ ყველაფერს წინასაარჩევნო დანიშნულება აქვს. მოგეხსენებათ, 2013-2014 წლიდან დაიწყო საშინელი კამპანია გალის რაიონში პასპორტიზაციის წინააღმდეგ, რომელსაც მაშინ ოპოზიციის ლიდერი ხაჯიმბა ედგა სათავეში. ხაჯიმბა ამბობდა, რომ ანქვაბმა საშინელი რაღაც განახორციელა. პასპორტის აღება ნიშნავს იმას, რომ არჩევნებში მონაწილეობ. პასპორტს ჩამოგართმევენ, არჩევნებში ვერ მონაწილეობ.

ისინი ანქვაბს ადანაშაულებდნენ, ქართველების ხმებით გაიმარჯვაო. მისი გადაყენების ერთ-ერთი მიზეზი, ფაქტობრივად, ეს გახდა. ამის შემდეგ ქართველებს პასპორტები ჩამოართვეს და ყველა მიმართულებით ქართული მოსახლეობის საშინელი დევნა-შევიწროება-დისკრიმინაცია დაიწყო.

ახლა, აქედან გამომდინარე, ხაჯიმბა ეუბნება თავის ამომრჩევლებს, ხომ ხედავთ, ამან რა კარგი შედეგი გამოიღო, გალის რაიონში დაიწყო აფხაზური გვარების აღდგენა, გალის რაიონი ჩვენსკენ შემობრუნდა - ახლა აფხაზურ ეროვნებას იბრუნებენ კანონიერად (მათი კანონებიდან გამომდინარე), პასპორტებს ღებულობენო და ა.შ.

ამიტომ ეს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიმაჩნია, რომელიც, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ცოტა ხანში საპნის ბუშტივით გასკდება.


- ამ ყველაფრის ავტორი რუსეთია. ზემოთ გავრილოვის პროვოკაციის გავლენებზე ვსაუბრობდი და ერთი რამ გამახსენდა. როგორც ვიცი, თქვენც ესწრებოდით იმ ღონისძიებას, რომელიც პარლამენტამდე ავლაბრის სასახლეში ჩატარდა. პროტესტის ნიშნად გავრილოვთან და მის დელეგაციასთან შეხვედრა რატომ არ დატოვეთ?

- მე გავრილოვთან შეხვედრაზე არსად ვყოფილვარ. მე ვესწრებოდი საპარლამენტაშორისო ასამბლეის გახსნას. ეს არ იყო ვინმესთან შეხვედრა. მით უმეტეს, გავრილოვთან. მე იმ ასამბლეის გახსნას და გახსნის საზეიმო ნაწილს ვესწრებოდი, მორჩა და გათავდა. რატომ უნდა დამეტოვებინა?


- პროტესტი რატომ არ გამოთქვაო, სხვებსაც აინტერესებთ

- რუსებს ჩვენ აქ ყოველდღე ვხედავთ. ოფიციალური რუსული დელეგაცია ბევრჯერ ჩამოსულა საქართველოში 2019-ში, 2018-ში, 2017-ში და უფრო ადრეც. შეიძლება ხვალაც და ზეგაც ჩამოვიდნენ. ეს არ არის რაღაც უბედურება. ასეთი კონტაქტები ხდება.


- აბა, რა არის უბედურება?

- აქ პრობლემა იყო და არის ის, რომ გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამან გამოიწვია მოსახლეობის აღშფოთება. მე მათ არ შევხვედრილვარ, ხელი არ ჩამომირთმევია, არ მისაუბრია. უბრალოდ, ერთ დარბაზში ვიმყოფებოდით 24 ქვეყნის დელეგაციასთან ერთად.

ჩვენი დელეგაციაც სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე რუსულ დელეგაციასთან ერთად ზის. საკითხის ასე დაყენება არასწორია.



- უკრაინის ელჩმა პროტესტის ნიშნად დატოვა ის სესია.

- უკრაინის ელჩმა სესია იმიტომ დატოვა, რომ რუსებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ილახება მართლმადიდებლების უფლებები უკრაინაში. ამიტომ უკრაინის ელჩმა დემარში განახორციელა, რაც გასაგებია.


- ახლა სოხუმის აეროპორტის თემა წამოწიეს, რომელიც როსტოვის საჰაერო სივრცეში გააერთიანეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ აეროპორტით საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ. რუსების მიზანი რა არის?

- ესეც წინასაარჩევნო პროპაგანდის ნაწილია. ვინც ოდნავ მაინც არის ჩახედული საერთაშორისო სამართალში, მან კარგად იცის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც მთელი მსოფლიო საქართველოს ნაწილად ცნობს, ფრენების განხორციელება შეუძლებელია.

პირველსავე დღეს, როდესაც ამის შესახებ გაცხადდა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გააკეთა განცხადება, სადაც ყველაფერი დეტალურადაა განმარტებული. ამას დაემატა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 29 ივლისს. 30 ივლისსაც გაკეთდა ბატონ ლაშა დარსალიას განცხადება ამასთან დაკავშირებით.

ამ განცხადებებში დეტალურადაა განმარტებული, რატომ არის შეუძლებელი სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების განხორციელება.



- რუსეთი შიდა ფრენებს ვერ განახორციელებს?

- რუსეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია შიდა ფრენების განხორციელება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც რუსეთმა სოხუმის აეროპორტი გამოიყენა. განსაკუთრებით, ეს იყო 2008 წლის ომის პერიოდში, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ჯდებოდნენ ამ აეროპორტში. მათ მედესანტეები სწორედ ამ აეროპორტით ჩამოიყვანეს. ტექნიკა ამ აეროპორტში ჩამოტვირთეს. ეს ყველაფერი საჰაერო საშუალებებით განახორციელეს. ერთხელ ლავროვიც ჩამოფრინდა ამ აეროპორტში და გაფრინდა ამ აეროპორტიდან.

იმ რუსულ კომპანიას, რომელიც ასეთ ფრენებს განახორციელებს, სამოქალაქო ავიაციის  საერთაშორისო ორგანიზაციიდან (იკაო) ჯარიმები ემუქრება და მთელი რიგი შეზღუდვები უწესდება. ის შემდეგ საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებს.



- საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში რუსეთს რომ უჩივლოს?

- ჩივილიც შეიძლება, მაგრამ ჯერ იკაომ უნდა იმოქმედოს, რომლის ნებართვის გარეშე საერთაშორისო ფრენების განხორციელება შეუძლებელია. იკაო ანიჭებს აეროპორტს ადგილმდებარეობის განმსაზღვრელ ოთხნიშნა კოდს. სოხუმის აეროპორტს ასეთი კოდი არ გააჩნია. როსტოვი რას მიანიჭებს, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. სოხუმის აეროპორტს არ გააჩნია სერტიფიკატი, რომელიც ასევე იკაომ უნდა გასცეს. ამიტომ საერთაშორისო ფრენები შეუძლებელია.

თუმცა, შეიძლება აეროპორტი რუსეთმა მოამზადოს და მერე საჭიროებისამებრ სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს, როგორც ერთხელ უკვე გამოიყენა.


- რუსეთი არავის ერიდება. ამერიკასაც ეჭიდავება და აეროპორტის აღდგენა რა არის მისთვის. ამჯერად, რისთვის შეიძლება სჭირდებოდეს რუსეთს ამ აეროპორტის ამოქმედება?

- რუსეთის ამ აეროპორტის ამოქმედება და კიდევ ბევრი სხვა ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა აფხაზეთთან დაკავშირებით, მიმართულია იქითკენ, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოახდინოს აფხაზეთის ინკორპორაცია, მისი ინტეგრაცია რუსულ სივრცეში პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ყველა თვალსაზრისით. აეროპორტის აღდგენა ამ პოლიტიკის ნაწილი გახლავთ. აფხაზეთის ტერიტორიის მცოცავი ანექსიის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი ამ პროცესში.



- ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ საერთაშორისო ბერკეტებით შევეწინააღმდეგოთ.

- ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა, ერთადერთი, სწორედ საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით შეგვიძლია. საერთაშორისო სამართალი იმდენად მკაცრად არეგულირებს საერთაშორისო ფრენებს, რომ მისი განხორციელება უამრავ გადაულახავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. აფხაზები საერთაშორისო ფრენას უწოდებენ იმას, სოჭიდან სოხუმში რომ ჩამოფრინდება. ეს საერთაშორისო ფრენა არ არის. აქაც მათ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნებათ.

 

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions