აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებებზე მსჯელობისათვის ომის ვეტერანების ერთი ჯგუფი უმაღლეს საბჭოში მოიწვიეს. კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომას კომისიის წევრები ესწრებოდნენ. ხოლო უძღვებოდა - ამავე კომისის ხელმძღვანელი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, რომელმაც დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ვეტერანებს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მიზეზების, პოლიტიკური და სამართლებრივი აუცილებლობის თაობაზე.
აფხაზეთის ა/რ კონსტიტუციის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებების განხილვისას გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები. საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს ვეტერანებმა დ.გულუამ, ზ.ფიფიამ, ა.მიქელაძემ, ო.ბენიძემ, გ.მხეიძემ, გ.ჩარკვიანმა, რ.ქარდავამ. მათი განცხადებით, საჭირო იყო ცვლილებების შემუშავების პროცესში უფრო აქტიურად და მეტი წარმომადგენლობით ყოფილიყვნენ ჩართული აფხაზეთის ომის ვეტერანების სტატუსის მქონე ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, კერძოდ იურისტები, პოლიტოლოგები, ექსპერტები; ამასთან მიზანშეწონილად მიიჩნიეს ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში აისახოს რომ „უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჰყავდეს მხოლოდ ერთი მოადგილე“.
ომის ვეტერანების განცხადებით, წარმოდგენილ კანონპროექტში გათვალისწინებულ უნდა იქნეს მუხლი, რომელიც დაარეგულირებს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამოკლებულ წევრთა შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარების სამართლებრივ მექანიზმს, რადგან მათივე განმარტებით, უმაღლესმა საბჭომ, მიუხედავად 2017 წლის 5 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ვერ უზრუნველყო აფხაზეთის მეომართა კავშირის მიერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს გამოკლებულ წევრთა შესავსებად შუალედური არჩევნების ჩატარების საკითხზე შემოტანილი პაკეტის განმხილველი კომისიის მუშაობა. გამოითქვა მოსაზრება, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით, დასმული იქნას საკითხი საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში დამატების შეტანის თაობაზე, შემდეგი რედაქციით: „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ფუნქციონირება გაგრძელდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“. ვეტერანებმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს უმაღლესი საბჭოს კომისიებისა და პრეზიდიუმისათვის სახელწოდების შეცვლა; აგრეთვე, მთავრობის თავმჯდომარისა და მთავრობის შემადგენლობის საქმიანობისადმი უმაღლესი საბჭოს მხრიდან კონტროლის მექანიზმის ასამაღლებლად, საჭიროდ მიიჩნიეს ამ მიმართულებით შესაბამისი მუხლების მკაფიოდ ჩამოყალიბება.
გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით ვეტერანებს უპასუხეს კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა - დეპუტატებმა ა.გასვიანმა, რ.ცატავამ, ზ.მებონიამ, რ.შამუგიამ, ჯ.საჯაიამ, აფხაზეთის ა.რ მთავრობის მინისტრმა დ.ფაცაციამ.