აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა.
საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დირექტორის ავთანდილ დავითაიას განმარტებით, აქ დასაქმებული ადამიანების არცთუ მრავალრიცხოვანი შემოქმედებითი ჯგუფი უმნიშვნელო ანაზღაურებით, უანგაროდ ემსახურება სახელმწოფოსთვის პრიორიტეტული პრობლემის - კონფლიქტების მოგვარების საქმეს და ცდილობს რეალური წვლილი შეიტანოს მშვიდობიანი საინფორმაციო ბრძოლის წარმოებაში; მათ მიერ შექმნილ და სოციალური ქსელით გავრცელებულ სიუჟეტებს მრავალი ათასი ნახვა და რეაგირება აქვს, როგორც ენგურსგამოღმა საქართველოში, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ავთანდილ დავითაიას და ცენტრის უკლებლივ ყველა თანამშრომელს მიაჩნია, რომ ისინი მხარდაჭერას იმსახურებენ, ყველასგან, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის და სამართლიანობის აღდგენა.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ხუბუას განცხადებით, მისივე ინიციატივით შემდგარი ეს შეხვედრა ცენტრის ფუნქციური დატვირთვითა და შესრულებული საქმიანობით ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს დაინტერესებისა და მხარდაჭერის დასტურია. მისივე განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დღევანდელი ხელმძღვანელობა სხვა მნიშვნელოვან გამოწვევათა შორის, საკუთარ უპირველეს ვალდებულებად მიიჩნევს კონფლიქტთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით აქტიურად დაუპირისპირდეს მოწინააღმდეგეს საინფორმაციო ველზე, საიდანაც უნდა შეძლოს ეთნიკური წმენდისა და გენოციდის მრავალათასიან მსვერპლთა შესახებ, აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების, საქართველოს გაერთიანების კანონზომიერების თაობაზე სრული სიმართლის კიდევ უფრო მეტი აქტიურობით და სისტემურად მიწოდება საერთაშორისო სამართლებრივი ორგანიზაციებისათვის, მსოფლიო თანამეგობრობისათვის და ამ მიმართულებით შესაბამისი რეზონანსის მოპოვება.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა არა მხოლოდ საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შენარჩუნების აუცილებლობას, არამედ ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მხარდაჭერას სამომავლოდ ცენტრის ბაზაზე ტელეგადაცემების განსახორციელებლად.
შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა აფხაზეთის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ სხვა საყურადღებო საკითხებზეც.