აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განცხადება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ორთოპედისტთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, დამსახურებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო. აღნიშნული ფაქტი წარმოდგენს ცხინვალში არსებული დანაშაულებრივი, საოკუპაციო რეჟიმის, აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებას.

 

მიუღებელია საოკუპაციო ძალების მიერ ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება. დაუშვებელია რეგიონში თავისი პროფესიული ვალის მოსახდელად ჩასული ექიმისთვის ხელის შეშლა, მეტიც, მისი დაკავება. მსგავსი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია ცდილობს კიდევ უფრო დაამძიმოს რეგიონში არსებული ისედაც რთული ვითარება, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო მიმართავს მსოფლიო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში არსებულ საელჩოებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა უმოკლეს ვადებში მოხერხდეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო

თბილისი, 2019 წლის 18 ნოემბერი

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions