ჯემალ გამახარია: „23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღე - აფხაზეთის დღე“

ძვირფასო თანამემამულენო! გილოცავთ წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს. როგორც თქვენთვის ცნობილია, 2014 წლიდან ეს დღე აფხაზეთის დღედაც არის დადგენილი, რაც შემთხვევით არ მომხდარა.



„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, იბერიაში „ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმინდა მოციქულთაგანნი ანდრია და სვიმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმინდა სვიმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსიისასა“. როდესაც ანტიოქიის პატრიარქმა თევდოსმა ეჭვსქვეშ დააყენა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი იმ მოტივით, რომ ქრისტეს მოციქულთაგან „არავინ მისრულ არს ქვეყანასა მათსა“, მან გიორგი მთაწმინდელისაგან შემდეგი პასუხი მიიღო: „წმინდაო მეუფეო, შენ იტყვი, ვითარმედ თავისა მის მოციქულთაისა პეტრეს საყდარსა ვზიო. ხოლო ჩვენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი - სიმონს ვიტყვი კანანელსა - ქვეყანასა ჩვენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ“.

 

დიახ, აფხაზეთი ოდითგანვე იყო „ქვეყანა ჩვენი“ და ამის დასტურია სვიმონ კანანელის წმინდა სახელიც. აი, რატომ დაამთხვია ჩვენმა პატრიარქმა აფხაზეთის დღე წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს.

ვინაიდან საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო შეუძლებელია 23 მაისის ფართოდ აღნიშვნა, გადავწყვიტეთ ამ დღეს მოვინახულოთ და მცირედი დახმარება გავუწიოთ  ჩვენს თანამემამულეთა იმ ნაწილს, რომელსაც ძალიან-ძალიან უჭირს.

გფარავდეთ წმინდა სიმონ კანანელის მადლი.

 

 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions