ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია - "ნეტგაზეთი"28.12.2020წ.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებული ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის პროგრამისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, დე ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმებული პროგრამა “დიდი საფრთხის შემცველია და ქართულმა მხარემ განგაში უნდა ატეხოს”

 

“ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით ამის შესახებ, როგორც მომავალ საფრთხეზე, მაგრამ ეს პროექტი უკვე გახდა პროგრამა, რომელიც 2021-2023 წელს უნდა განხორციელდეს. რუსეთმა კარგად გამოიყენა დრო. აფხაზები აჭიანურებდნენ ამ პროგრამის მიღებას, მაგრამ ახლა მათ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდათ, რადგან ეკონომიკა განადგურებულია, ფინანსები რუსეთიდან მოდის, ასევე, ენგურჰესის რემონტის გამო ელექტროენერგიის პრობლემა დგება, არის კორონავირუსის პრობლემაც. ერთი სიტყვით, რუსეთმა ისარგებლა შექმნილი ვითარებით და აიძულა აფხაზური მხარე, რომ შეთანმხება შემდგარიყო”, – აცხადებს ჯემალ გამახარია.

 

მისივე განცხადებით, “დოკუმენტი აერთიანებს ცხოვრების ყველა სფეროს, დაწყებული ეკონომიკიდან, დასრულებული განათლლებითა და კულტურით, მაგრამ აქ არის რამდენიმე ისეთი პუნქტი, რომელთა განხორციელების შემდეგ აფხაზეთი ფორმალურადაც კი არ დარჩება ე.წ. “დამოუკიდებელი””.

 

გამახარიას მიხედვით, ერთ-ერთი ასეთია მეორე პუნქტი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ.

 

“მეორე პუნქტი გულისხმობს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს, რომ როგორც აფხაზები ხდებიან რუსეთის მოქალაქეები, ასევე, რუსებს შეუძლიათ გახდნენ აფხაზეთის მოქალაქეები. აფხაზები ამბობენ, რომ თითქოს შეთანხმებიდან უძრავი ქონების შესყიდვის შესახებ ამოიღეს ერთ-ერთი თავი, თუმცა, თუ მოქალაქედ გახდომის უფლება ექნებათ [რუსებს], ისინი უძრავი ქონების შეძენასაც შეძლებენ, და ასევე მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არჩევნებსა და რეფერენდუმებში”, – ამბობს ჯემალ გამახარია.

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის განცხადებით, შეთანხმებიდან გამომდინარე, საფრთხის შემცველია ენგურჰესის საკითხიც.

 

“ერთ-ერთი პუნქტი ითვალისწინებს რუსეთის ელექტროქსელების კომპანიის მიერ აფხაზეთის ელექტროქსელების მოდერნიზაციასა და ენერგოუსაფრთხოების შექმნას, რაც შემდგომში გადადის რუსეთის ხელში. ჩვენ ახლა არ ვიცით, რა მოელის ენგურჰესს, თუმცა ერთი რამ ნათელია, ენგურჰესზე ბრძოლა იქნება.”

 

გამახარიას თქმით, საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო არენაზე, რათა ქვეყანამ რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსია თავიდან აირიდოს.

 

“ახლა რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის თავიდან აცილება არის უპირველესი ამოცანა ჩვენი ქვეყნისთვის. ამისათვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ რეზოლუციებში უნდა აისახოს ის საფრთხეები, რომლებიც ამ პროგრამიდან მომდინარეობს. ძალიან დიდი საფრთხეა და ჩვენ გვმართებს ბევრად უფრო დიდი განგაშის ატეხვა საერთაშორისო არენაზე, რომ ეს საფრთხე ავირიდოთ”, – აცხადებს გამახარია.

 

გამახარიას განცხადებით, იგი მხარს უჭერს კონკრეტული, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების შესახებ ორმხრივ [ქართულ-აფხაზური] დიალოგს, თუმცა პოლიტიკური მოლაპარაკებები დასავლელი პარტნიორების გარეშე შეუძლებელია.

 

“მე პირადად მხარს ვუჭერ ორმხრივ დიალოგს. ქალბატონმა ახვლედიანმა გააკეთა განცხადება, რომ ასეთ დიალოგები ამჟამადაც მიმდინარეობს. როდესაც საუბარია პოლიტიკურ დარეგულირებაზე, მაშინ, რა თქმა უნდა, შუამავლების გარეშე [მათ შორის ევროკავშირი] ეს არ გამოვა, მაგრამ როდესაც დიალოგის თემაა მიმდინარე მწვავე პრობლამები,- ენერგეტიკა, ჯანდაცვა, ჰუმანიტარული მდგომარეობა გალში,- მაშინ მესამე პირების გარეშე დიალოგი შესაძლებელია. პოლიტიკურ მოლაპარაკებებში რუსები აფხაზებსაც არ მისცემენ დამოუკიდებლად მონაწილეობის უფლებას”, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.


სრულად იხილეთ ბმულზე: https://youtu.be/fl827PS2-tc


 

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions