აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაამტკიცა

დღეს გაიმართა უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომლის დღის წესრიგი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის განხილვას მიეძღვნა

 

სხდომა ონლაინ დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და მას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.

 

სხდომის მუშაობაში უმაღლესი საბჭოს 16 დეპუტატთან ერთად მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძე, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ივანე დოლიძე.

 

ვინაიდან  სხდომის ჩანიშვნის წინა პერიოდში კანონ-პროექტი დაწვრილებით იხილებოდა უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციების სხდომებზე და შესაბამისი შენიშვნების შესახებ დეტალურად იყო ინფორმირებული აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელი პირები, ივანე დოლიძემ სესიაზე წარმოდგენილ მოხსენებაში ყურადღება კანონ-პროექტის კონკრეტულ პუნქტებზე და ძირითად პარამეტრებზე გაამახვილა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ძირითადად სოციალურ, ჯანდაცვისა და განათლების პროგრამებს ემსახურება.

 

მოხსენება კანონ-პროექტთან დაკავშირებით უმაღლესი საბჭოს საფინანსო-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა კანონ-პროექტის ირგვლივ ერთობლივად გაწეული მუშაობის დეტალები, შენიშვნების ძირითადი ნაწილი, რომელთა გასწორებაც ამ ეტაპისთვის მოხერხდა.

 

უმაღლეს საბჭოში წინასწარ იყო წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონპროექტის თაობაზე; შესაბამისად, ნოე ქაშიბაძემ სხდომაზე რეზიუმეს სახით გააკეთა მოხსენება, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით,  პროექტის ცალკეულ მუხლებში არის ისეთი ცვლილებები, რომლებიც მტკიცებით ფორმაში უფრო მეტ არგუმენტირებულობას ითხოვს.

 

დღის წესრიგის განხილვა თვალშისაცემი აქტიურობის გარემოში წარიმართა. აქტიურად იყვნენ დისკუსიაში ჩართული  დეპუტატები ნუგზარ მგალობლიშვილი, რაისა ქარაია, ელგუჯა გვაზავა, აკაკი გასვიანი, ნაპო მესხია, ვახტანგ ყოლბაია,  რუდიკ ცატავა, ზურაბ ჯგუბურია, დავით გვაძაბია. რამდენიმე მათგანი მეტად მწვავედაც აფასებდა როგორც  2020 წლის ბიუჯეტს, ისე 2021 წლის კანონ-პროექტს. საკუთარი მოსაზრებები და კრიტიკული შენიშვნები წერილობით წარმოადგინა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ.

 

იყო დეპუტატთა კრიტიკული გამოსვლები და დასკვნები, რომ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტი არ არის ისეთი პოზიტიური, როგორის მოლოდინიც იყო; თუმცა, იმასაც გაესვა ხაზი, რომ აღნიშნულის მიზეზი ძირითადად არ არის სუბიექტური ფაქტორი, ეს ოფრო მეტად პანდემიური და სხვა ობიექტური ვითარებით არის განაპირობებული. ამასთან, კმაყოფილებით აღინიშნა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი აშკარად უფრო დახვეწილი ფორმატისაა.

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ დეპუტატებს მადლობა გადაუხადა ბიუჯეტის კანონ-პროექტის განხილვაში აქტიური ჩართულობისათვის, მათი მხარდაჭერის იმედი გამოთქვა და განაცხადა, რომ გამოთქმული ყველა შენიშვნა მთავრობის აპარატის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება. ამასთან, ისაუბრა მთავრობის გეგმებზე სხვადსხვა მიმართულებით, რაც მისი განმარტებით, საბოლოო მიზნად ისახავს დევნილი საზოგადოების გამოყვანას მუდმივი  ბენეფიციარის პოზიციიდან; „ჩვენ უნდა შევძლოთ ის გავხადოთ კონტრიბუტორი!“

 

კენჭისყრამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ შეაჯამა ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ გამართული დისკუსია, როგორც ძალზედ საჭირო, სასარგებლო და საქმიანი; ამასთან, მთავრობის წევრებს მიუთითა მათი გათვალისწინების გადაუდებელ აუცილებლობაზე.

 

საბოლოოდ, უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე კენჭი უყარეს და ხმათა უმრავლესობით(თოთხმეტი ერთის წინააღმდეგ, ერთმა თავი შეიკავა), დაამტკიცეს კანონი ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ.



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions