14 აგვისტოს მძიმე თარიღი

1992 წლის 14 აგვისტო არის აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღე. ამ დღემ ოფიციალურად თვალსაჩინო გახადა, რომ აფხაზი სეპარატისტების ზურგს უკან კრემლი და რუსეთის გენერალიტეტი იდგა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე პროფესიონალი სამხედროების სიმცირით, ძირითადად, ადგილობრივი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოხალისე, პატრიოტი მებრძოლებით, დედისგან ჩუმად გაპარული, სამშობლოზე გულანთებული, უწვერულვაშო ბიჭებით იყო წარმოდგენილი, 29 წლის წინ დაწყებული სამხედრო დაპირისპირება კბილებამდე შეიარაღებულმა მოწინააღმდეგემ 13 თვის მანძილზე მანამ ვერ მოიგერია, სანამ ვერაგული ხელშეკრულებით ქართველთა განიარაღებას არ მიაღწია.

 

საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის აფხაზეთში დაღუპული მეომრების ხსოვნას დედაქალაქის გმირთა მემორიალთან  პატივი მიაგეს დღეს მათი ოჯახების წევრებმა, საზოგადოებისა და ხელისუფლების  წარმომადგენლებმა. მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

 

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით გვაძაბიამ აღნიშნა, მას ღრმად სწამს, რომ დღეს თუ არა ხვალ კანონზომიერება აუცილებლად აღდგება -  აფხაზი და ქართველი გააცნობიერებს 29 წლის წინ დაშვებულ შეცდომას, რომლის მძიმე შედეგებს ორივე მხარე დღემდე მწარედ ვიმკით. ჩვენ ჩვენს გმირებს დღეს აქ ვგლოვობთ, იქ სოხუმში კი დე ფაქტო ხელისუფლებამ თავის დაღუპულებს მიაგო პატივი; დროა, მშვიდობიანი მეთოდებით, ურთიერთმიტევებით, შერიგებით ვიზრუნოთ საერთო სატკივარის მოსაშუშებლად, ჩატეხილი ხიდის აღსადგენად, ერთიან სახელმწიფოში აფხაზი და ქართველი ეთნოსის იდენტობის განსამტკიცებლად,- აცხადებს დავით გვაძაბია



Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions