პრეზიდიუმზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დავით გვაძაბიას ხსოვნას, რომლის სიცოცხლე კორონა-ვირუსმა იმსხვერპლა.
პრეზიდიუმის წევრებმა განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების საკითხი, რომელიც ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ყოლბაიამ წარმოადგინა. კანონპროექტი კონსტიტუციაში ორ ცვლილებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი - უმაღლესი საბჭოს სპიკერატში აქამდე არსებული ორი მოადგილის შტატიდან ერთ-ერთის გაუქმებას ეხება. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პროცედურის დაწყებას.
პრეზიდიუმის სხდომაზე ხანგრძლივი განხილვის საგანი იყო დღის წესრიგის მესამე საკითხი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ინტერპელაციის წესით მთავრობის წევრების მოსმენის შესახებ. საკითხი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ხუბუამ წარმოადგინა. მან კოლეგებს გააცნო სავარაუდო გრაფიკი, თუ როდის რომელი მინისტრის მოწვევაა მიზანშეწონილი იმ შეკითხვებზე პასუხების მოსასმენად, რომელთაც წინასწარ წერილობით გააცნობენ ცალკეული უწყების ხელმძღვანელს.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია და პრეზიდიუმის მუშაობაში ჩართული ყველა დეპუტატი - მურმან კვარაცხელია, ადა მარშანია, რუდიკ ცატავა, ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა.