სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 2008 წლის ომის გამოძიების ეტაპი დაასრულა

 

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურმა კარიმ ხანმა, რომლის ოფისმაც ადამიანურობისა და ომის დანაშაულებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის კონტექსტში 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩადენილი დანაშაულები შეისწავლა, განაცხადა, რომ მან დაასრულა საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი. ივნისში ჰააგის სასამართლომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერები გასცა. ასევე შეგროვდა მტკიცებულება რუსეთის არმიის გენერალ მაიორის წინააღმდეგ, რომელიც ამასობაში გარდაიცვალა და ამიტომ მასზე დაკავების ორდერი არ გაიცა.


პროკურორმა გამოძიება 2016 წლის 27 იანვარს მას შემდეგ დაიწყო, რაც 2008 წლის 14 აგვისტოს დაწყებული წინასწარი გამოძიება დასრულდა.  


თავის განცხადებაში პროკურორმა კარიმ ხანმა ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების პროცესში მისმა ოფისმა შეისწავლა მტკიცებულებები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის ყველა მხარის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებს უკავშირდებოდა. ხანის თქმით, მისი ოფისი თავის საქმიანობას „დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და ობიექტურად ახორციელებდა და თანამშრომლობდა დაზარალებულებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან“.

გამოძიების შედეგად, სასამართლომ 2022 წლის 30 ივნისს სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენი არიან გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ  მინძაევი, დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი 2005-2008 წლებში, ჰამლეტ გუჩმაზოვი, დე ფაქტო შსს-ს წინასწარი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელი, და დავით სანაკოევი, დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში.

სამივე მათგანს ბრალად ედებათ „რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ოკუპაციის კონტექსტში ეთნიკურად ქართველი მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წამება, სასტიკი მოპყრობა, მძევლად აყვანა და, შემდგომში, მათი უკანონო გადაადგილება“.

პროკურორის თქმით, „აღნიშნული დანაშაულები დანაშაულებრივი ქმედებების უფრო ფართო ხასიათზე მიუთითებს, როგორიც იყო, მაგალითად, ქართული სოფლებისა და ქართველების კუთვნილი სახლების მასობრივი ძარცვა და განადგურება, ასევე, ცხინვალის რეგიონის თითქმის მთელი ქართული მოსახლეობისთვის დაბრუნების უფლებაზე უარის თქმა“.

გამოძიებისას ასევე გამოიკვეთა „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის, ამჟამად გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის, სავარაუდო როლიც, რომელსაც აღნიშნული მოვლენების დროს საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა და რომელმაც, სავარაუდოდ, განზრახ შეუწყო ხელი ზოგიერთი ამ დანაშაულის ჩადენას“.


პროკურორმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეების გარდა, მისი ოფისი აღარ გააგრძელებს გამოძიებას ახალი მიმართულებით საქართველოს სიტუაციის ფარგლებში სხვა პირთა სავარაუდო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან ან სხვა ქმედებებთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ვინაიდან გარემოებები არსებითად არ შეცვლილა“, საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპი დასრულდა.

პროკურორმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მისმა ოფისმა გადაწყვიტა სასამართლოს წარმოებაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით გამოძიების ეტაპი დაესრულებინა. „მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება პროკურორის ოფისის ეფექტური სტრატეგიის ფორმულირებისა და განხორციელების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“, – დასძინა მან.

„თანამდებობის დაკავებისთანავე ცალსახად განვაცხადე: არ მსურს გავაგრძელო დაზარალებულთათვის და მსხვერპლთა ოჯახებისთვის გადაჭარბებული დაპირებების მიცემა და შემდეგ მათი ვერ შესრულება. რეალური შედეგების მისაღწევად, ჩვენ ზედმიწევნით უნდა გავაანალიზოთ, თუ როგორ შეიძლება რესურსების ყველაზე ეფექტიანად გამოყენება იმგვარად, რომ მივაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში ჩვენს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებით დაზარალდა“, – განაცხადა კარიმ ხანმა.

პროკურორის თქმით, საქართველოზე მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოს სიტუაციას არ ეხება და მოყვება სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც ამჟამად გამოძიების სტადიაში მყოფ სხვადასხვა სიტუაციებს შეეხება, მათ შორის, დღევანდელი გადაწყვეტილება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სასამართლოს მუშაობა საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით არ დასრულებულა. „ჩემი ოფისი აგრძელებს და გააგრძელებს თავისი ძალისხმევის მიმართვას დაპატიმრების ორდერის ადრესატების სამართალში მისაცემად“, – აღნიშნა მან.

პროკურორმა განაცხადა, რომ „მომავალში კვლავაც აუცილებელი იქნება ჩემი ოფისისა და მისი პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევა, რათა მოხდეს ჯერ კიდევ თავისუფლებაზე მყოფი ეჭვმიტანილების ადგილსამყოფელის დადგენა და მათი დაკავება, ასევე არსებული საქმეების განხილვა, რომლებმაც სასამართლო განხილვის დაწყებიდან საბოლოო სააპელაციო წარმოების ჩათვლით ყველა ეტაპი უნდა გაიარონ, მათ შორის, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რეპარაციების ეტაპიც“.

კარიმ ხანმა ასევე აღნიშნა, რომ „რესურსების ეფექტიანი მართვის გარდა, დასრულების სტრატეგიების განხორციელება, შესაძლოა, თანამშრომლობისა და კომპლემენტარობის იმ  საბაზისო პრინციპების ნათელ გამოხატულებად იქცეს, რომლებიც რომის სტატუტის სისტემას უდევს საფუძვლად“.

მისივე თქმით, „იმდენად, რამდენადაც ჩემი გადაწყვეტილება საქმეების ჩვენთვის სასურველი მოცულობის ფარგლებზე მიუთითებს, იგი, ასევე, იძლევა ახალ შესაძლებლობას, ვითანამშრომლოთ კომპეტენტურ ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან, რათა დავეხმაროთ მათ დაუსჯელობის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრაში და, საბოლოო ჯამში, ხელი შევუწყოთ ახალი საქმეების წარმოებას რომლებიც, ერთობლივი მუშაობის წყალობით, შესაძლოა ადგილობრივ სასამართლოებამდეც მივიდეს“.

„ამ საკითხს ცენტრალური ადილი უკავია ჩემს ხედვაში, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კომპლემენტარულ როლსა და ეროვნულ სისხლის სამართლის იურისდიქციებთან მის ურთიერთობას ეხება“, – განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ მან აცნობა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მისი ოფისი „მზადაა, გააგრძელოს კომპლემენტარობის პრინციპისადმი დინამიკური მიდგომის კონკრეტულ ქმედებებად გარდაქმნის გზების ძიება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმებისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით“.

 

მისივე თქმით, იგი აპირებს გააგრძელოს თანამშრომლობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთანაც და რომ მისი ოფისი უკვე დაუკავშირდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, რათა მათთვის დეტალური ინფორმაცია მიეწოდებინა იმ გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც საქართველოს სიტუაციის გამოძიების ეტაპის დასრულებას ეხება, ასევე, გაეცნო საქართველოს სიტუაციასთან დაკავშირებით მისი ოფისის ამჟამინდელი საქმიანობა და „ჩვენი მტკიცე განზრახვა მიმდინარე საქმეების სასამართლო განხილვამდე მიყვანასთან დაკავშირებით“.

„ჩემი ოფისი მზადაა, გააგრძელოს მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან, დაზარალებულებთან, მსხვერპლთა ოჯახებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არსებული ამოცანების გადასაჭრელად“, – დასძინა მან.

Print
Biography
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions